უსამართლო კომერციული პრაქტიკა როგორც ბიზნესსაქმიანობის საფრთხე
„ბიზნეს მრჩეველის“ რუბრიკაში იურიდიული ფირმის ბი ვი ქონსალთინგის მმართველის პარტნიორი ვახტანგ შურღაია გვიზიარებს პრაქტიკულ გამოცდილებას უსამართლო კომერციულ პრაქტიკაზე.
მომხმარებლის უფლებების დაცვა არ არის მხოლოდ საკანონმდებლო მოთხოვნა, ესაა გონივრული ბიზნეს პრაქტიკა, რომელიც დადებით გავლენას ახდენს მომხმარებელთა ნდობასა და ბრენდის რეპუტაციაზე.
მომხმარებლის, როგორც ე.წ. „სუსტი მხარის“, დაცვა სახელშეკრულებო ურთიერთობებში „მომხმარებლის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მთავარი მიზანია.
უსამართლო კომერციული საქმიანობა შეიძლება იყოს ყველაფერი რასაც მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს ან უბიძგებს მას არასწორი გადაწყვეტილების მიღებისკენ. მაგალითად, კომპანიის მიერ პროდუქტის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელება ან არასასურველი შეთავაზების გაზავნა. მსგავს მიდგომას ითვალისწინებს ევროპარლამენტისა და საბჭოს 2005/29/EC დირექტივაც.
საქართველო მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და აღსრულების მაღალი სტანდარტისთვის World Bank Group-ის მიერ დაჯილდოვდა, რაც განპირობებულია ბოლო წლებში საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ დაგროვილი გამოცდილებით. ერთ-ერთ საქმეზე სააგენტომ აღნიშნა, რომ მოვაჭრე „არ უთითებს „ფეისბუქ“ პოსტებში გასაყიდი საქონლის წარმომავლობისა და ნამდვილობის (ორიგინალობის) შესახებ ინფორმაციას, რამაც შესაძლოა მომხმარებელი შეიყვანოს შეცდომაში და დადოს ისეთი გარიგება, რომელსაც ინფორმირებულობის შემთხვევაში არ დადებდა. მოვაჭრემ არასწორად მიუთითა პროდუქციის „ორიგინალ“ ხასიათზე, რაც სააგენტოს მიერ შეფასდა როგორც მოქმედებით, ისე უმოქმედობით გამოხატულ უსამართლო კომერციულ საქმიანობად.
სხვა შემთხვევაში უმოქმედობით გამოხატულ უსამართლო კომერციულ პრაქტიკად იქნა მიჩნეული გადამზიდი კომპანიის მიერ მომხმარებლისათვის განსაზღვრული შემდეგი პირობა: „კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას გაურკვეველ/დაუზუსტებელ მისამართზე მიტანილ ამანათზე, ასევე იმ ამანათებზე, რომლებზეც ფიქსირდება უცხო პირის ხელმოწერა“. სააგენტომ განმარტა, რომ სახეზე იყო არსებითი ინფორმაციის ნაკლებობა - მოვაჭრის საზღვარგარეთ მდებარე საწყობში მომხმარებლის ამანათის მიღების წესისა და მასზე პასუხისმგებელი ხელმომწერი პირის შესახებ.
მორიგ საქმეზე სააგენტომ დარღვევად მიიჩნია თვალსაჩინო შედეგის გარანტირება პროდუქტის 3 ჯერადი გამოყენების შედეგად და შეთავაზება (ფასდაკლება) შეზღუდული დროში მაშინ, როდესაც რეალურად შეთავაზება აღნიშნული დროის შემდეგაც მოქმედებდა.
რატომ არის საშიში უსამართლო კომერციული პრაქტიკა?
ეთიკური და გამჭვირვალე ბიზნესი ბევრად კონკურენტუნარიანია.
სხვა სიახლეები
14.04.2026.09:43
რა იცვლება „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში - ვახტანგ შურღაიას შეფასება
07.04.2026.16:32
საქართველოს პარლამენტმა 2026 წლის პირველ აპრილს დააინიცირა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც შეეხება „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონსა და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს.
კანონპროექტის თანახმად, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული „თვითდასაქმებულის“ ცნებიდან ამოღებული იქნება ტერმინი „პარტნიორი“. შედეგად, საქმიანობის უფლების მოპოვების ვალდებულება არ გავრცელდება სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორ უცხოელებზე.
ამასთან, ცვლილებებით განისაზღვრა მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობა, რომელიც არ საჭიროებს არც ბინადრობის ნებართვისა და არც შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებას. მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობა დაკავშირებულია კონკრეტულ მოკლევადიან პროექტთან და ხორციელდება მოკლევადიანი ვიზიტის ფარგლებში. საქართველოს მთავრობის აქტით განისაზღვრება იმ საქმიანობათა ჩამონათვალი, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია მოკლევადიანი საქმიანობის განხორციელება.
ცვლილებების შედეგად, კანონის მოქმედება აგრეთვე არ ვრცელდება: სრულად დისტანციურ საქმიანობაზე, რომელიც არ საჭიროებს საქართველოში შემოსვლას; სახელმწიფო საწარმოსთვის/საჯარო დაწესებულებისთვის მომსახურების გაწევაზე; „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული 1-ლი, მე-2 და მე-3 კატეგორიის საწარმოს დირექტორზე, სამეთვალყურეო საბჭოს წევრსა და აუდიტის კომიტეტის წევრზე; სპეციალური ბინადრობის მფლობელ პირზე (რომელიც გაიცემა მთავრობის ინიციატივით); არარეზიდენტი პირისთვის მომსახურების გაწევაზე, როდესაც საქმიანობა/მომსახურების გაწევა უკავშირდება არარეზიდენტი პირის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ საქმიანობის განხორციელებას.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებით განისაზღვრა აგრეთვე ორდინალური ვიზის ახალი კატეგორია (C5), რომელიც წარმოადგენს მრავალჯერად მოკლევადიან ვიზას და შეიძლება გაიცეს 5 წლის მოქმედებით, საქართველოში ყოფნის 1-წლიანი ვადით. იგი გაიცემა მოკლევადიანი მიზნებით საქართველოში მომავალ პირზე, რომელიც შემოდის ტურისტული მიზნით და რომელსაც ასევე აქვს უფლება განახორციელოს საქმიანობა მხოლოდ არარეზიდენტი პირის სასარგებლოდ, თუ ის უკავშირდება არარეზდენტი პირის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ საქმიანობის განხორციელებას. ამ კატეგორიის ვიზა ასევე გაიცემა პირის მეუღლესა და არასრულწლოვან შვილზე/შვილებზე.