„შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები
საქართველოს პარლამენტმა 2025 წლის ივნისის ბოლოს დაამტკიცა საქართველოს „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმების მიზნით ახალ რეგულაციებს აწესებს.
აღნიშნულ ცვლილებებს მიმოიხილავს შპს „ბი ვი ქონსალთინგის“ მმართველი პარტნიორი ვახტანგ შურღაია:
ახალი რეგულაციების გაცხადებული მიზანია შრომის ბაზრის დაცვა და არალეგალური დასაქმების შემთხვევების აღმოფხვრა. უპირველესად აღსანიშნავია, რომ აღნიშული რეგულაციების გამკაცრების შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე დასაქმების უფლების მისაღებად დასჭირდებათ სპეციალური ნებართვის მოპოვება, რომელსაც გასცემს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. სწორედ აღნიშნული ნებართვის მოპოვების შედეგად უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ეძლევათ საშუალება ლეგალურად დასაქამდნენ საქართველოს ტერიტორიაზე.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კანონში შეტანილი ცვლილებები ითვალისწინებს, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის ლეგალურად დასაქმების ნებართვის მოპოვების პროცედურებს, ისე ადგენს კონკრეტულ მოთხოვნებს და ვალდებულებებს დამსაქმებლებისათვის.
აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქე უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი კვალიფიკაციის კრიტერიუმებს და ამასთან დამსაქმებლმა აუცილებლად უნდა დაადასტუროს, რომ საქართველოს ბაზარზე კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად კადრები დეფიციტურია. ნებართვის მოპოვების მიზნით დამსაქმებელმა უნდა მიმართოს სამინისტროს უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის დასაქმების უფლების გაცემის ნებართვის მოსაპოვებლად, აღნიშული წესი განსხავდება თვითდასაქმებულების შემთხვევაში, ასეთ დროს განაცხადი შეაქვს თვითდასაქმების მსურველ უცხოელს.
სამინსიტროს მიერ ნებართვის გაცემის შემდეგ, უცხო ქვეყნის მოქალაქემ უნდა მიმართოს შესაბამის საკონსულოს D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მისაღებად. ამასთან, აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ნებართვის მოპოვებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ეძლევა უფლება დასაქმდეს მხოლოდ იმ ადგილობრივ დამსაქმებელთან, რომელმაც გააკეთა შესაბამისი განაცხადი სამინისტროში.
აღსანიშნავია, რომ „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილებებთან ერთად, განისაზღვრა სანქციები კანონის მოთხოვნათა დარღვვევის შემთხვევეაში, რომლებიც ვრცელდება, როგორც ადგილობრივ დამსაქმებელზე ისე, უცხო ქვეყნის მოქალაქეზე. შესაბამისად, კანონდარღვევის დადასტურება გამოიწვევს როგორც დამსაქმებლის, ისე დასაქმებულის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, ხოლო ასეთი ფაქტის განმეორებით გამოვლენის შემთხვევაში სანქციის ოდენობა იზრდება.
სხვა სიახლეები
ფაქტორინგი ახალი ფინანსური ინსტრუმენტი ბიზნესისთვის
15.04.2026.11:54
2026 წლის 1 აპრილს გამოქვეყნდა საქართველოს კანონი „ფაქტორინგის შესახებ“, რომელიც არეგულირებს ფაქტორინგის ინსტიტუტს. ფაქტორინგი წარმოადგენს ფინანსურ ინსტრუმენტს, რომელიც განსაკუთრებით მიმზიდველია ბიზნესისთვის ლიკვიდობის მართვისა და ფულადი ნაკადების ოპტიმიზაციის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტორინგული კომპანია, როგორც სპეციალიზებული სუბიექტი, შეიძლება იქცეს მოქნილ ალტერნატივად კომერციული ბანკების, მიკრობანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიმართ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ბიზნესს სჭირდება სწრაფი დაფინანსება დებიტორული დავალიანებიდან გამომდინარე და ნაკლები ბიუროკრატიული ბარიერები. მაგალითად, ფაქტორინგის გამოყენებას შეუძლია აღმოფხვრას კონსიგნაციასთან დაკავშირებული ფინანსური ბარიერები, რის შედეგადაც თანხის მიღება აღარ იქნება დაკავშირებული ხანგრძლივ დროის მონაკვეთთან.
ფაქტორინგზე დეტალურად გვესაუბრება ბი ვი ქონსალთინგის მმართველი პარტნიორი ვახტანგ შურღაია.
კანონის თანახმად, ფაქტორინგი არის გარიგება, რომელიც გულისხმობს ძირითადი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დებიტორული დავალიანების გადაცემას და რეგისტრირებულია ფაქტორინგის რეესტრში, რის შედეგადაც დებიტორული დავალიანებიდან გამომდინარე მოთხოვნაზე საკუთრების უფლება შესაბამის ფაქტორს გადაეცემა.
რაც შეეხება ხელშეკრულების მხარეებს, მოთხოვნის დამთმობი მხარე შეიძლება იყოს ნებისმიერი იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე, აგრეთვე სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც გადასცემს ძირითადი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დებიტორულ დავალიანებას ფაქტორს ფაქტორინგის ხელშეკრულების შესაბამისად. მეორე მხრივ, ფაქტორი შეიძლება იყოს კომერციული ბანკი, მიკრობანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ან ფაქტორინგული კომპანია.
კანონი ფაქტორინგზე ზედამხედველ ორგანოდ განსაზღვრავს საქართველოს ეროვნულ ბანკს და ფაქტორებს უწესებს რიგ მოთხოვნებს. მაგალითად, სავალდებულოა, ფაქტორი საქმიანობდეს მხოლოდ შპს-ს ან სს-ს სამართლებრივი ფორმით, ჰქონდეს განაღდებული კაპიტალი მინიმუმ 300 000 ლარის ოდენობით და მისი მართვის ორგანიზაციული სტრუქტურა მოიცავდეს სამეთვალყურეო საბჭოს.
ფაქტორი უფლებამოსილია, განახორციელოს მხოლოდ ფაქტორინგი და მასთან დაკავშირებული მომსახურება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი წარმოადგენს კომერციულ ბანკს, მიკრობანკს ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციას. ამავდროულად, არავის აქვს უფლება, განახორციელოს ფაქტორინგული საქმიანობა ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის გარეშე. აღსანიშნავია, რომ ფაქტორინგულ კომპანიად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოიშვება იმ შემთხვევაში, თუ კომპანიას მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულების შედეგად, ერთდროულად აქვს მოთხოვნის უფლება სულ მცირე 5 (ხუთ) დებიტორულ დავალიანებაზე.
ხაზგასასმელია, რომ კანონი ითვალისწინებს ფაქტორინგის რამდენიმე სახეს. მათ შორის:
• ფაქტორინგი რეგრესის უფლებით - ამ დროს ფაქტორს აქვს რეგრესის უფლება მოთხოვნის დამთმობი მხარის მიმართ, თუ მოვალემ არ დაფარა შესაბამისი კრედიტორული დავალიანება;
• რევერსიული ფაქტორინგი - ფაქტორი იღებს ვალდებულებას, დაფაროს მოვალის დებიტორული დავალიანება მისი კრედიტორის მიმართ, რაც, თავის მხრივ, საჭიროებს კრედიტორის წინასწარ წერილობით თანხმობას.
კანონი განსაზღვრავს აგრეთვე იმ სანქციების სახეებს, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ფაქტორებისა და ფაქტორინგული პლატფორმის, ისე - მათი ადმინისტრატორების მიმართ, მათ შორისაა: წერილობითი გაფრთხილება, ჯარიმა, რეგისტრაციის გაუქმება და ა.შ.