მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7081.3
-0.0025
flag
AZN 1.5923
-0.001
flag
CNY 37.999
-0.0024
flag
EUR 3.168
0.0098
flag
GBP 3.6389
-0.0019
flag
KZT 50.36
-0.0007
flag
TRY 0.0645
-0.0002
flag
USD 2.7079
-0.0016

შრომის სამართლის განვითარება საქართველოში: მთავარი სიახლეები და სასარგებლო რჩევები

news image

2020 წელს საქართველოს შრომით კანონმდებლობაში განხორციელებულმა ცვლილებებმა მნიშვნელოვნად შეცვალა შრომითი ურთიერთობების რეგულირების ჩარჩო. განხორციელდა ცვლილებები საქართველოს შრომის კოდექსში, შეიქმნა შრომის ინსპექციის სამსახური, რომელიც აკონტროლებს დამსაქმებელთა მიერ შრომითი კანონმდებლობის დაცვას და უზრუნველყოფს მის ეფექტიან აღსრულებას.

ამ სტატიაში BV Consulting-ის მმართველი პარტნიორი ვახტანგ შურღაია გვთავაზობს შემდეგ რეკომენდაციებს, რომლებიც დაეხმარება ბიზნესს, ეფექტურად მართოს შრომითი ურთიერთობები.

1. ვადიანი და უვადო შრომითი ხელშეკრულებები

საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. ერთ თვეზე მეტი ვადით შრომითი ხელშეკრულება უნდა იყოს წერილობითი ფორმით. ვადიანი ხელშეკრულების დადებისთვის აუცილებელია შესაბამისი საფუძვლები, როგორიცაა:სეზონური სამუშაო, დროებით არმყოფი თანამშრომლის ჩანაცვლება და სხვა. ამგვარი საფუძვლების არარსებობისას ხელშეკრულება ავტომატურად მიიჩნევა უვადოდ დადებულად. გარდა ამისა, 30 თვეზე მეტი ვადით დასაქმება, როგორც ერთი, ისე რამდენიმე მიმდევრობითი ხელშეკრულებით, ასევე უვადო ხელშეკრულებად ითვლება.

დამწყებ მეწარმეებს შრომის კოდექსი სთავაზობს გარკვეულ პრივილეგიებს. კერძოდ, ვადიანი ხელშეკრულებების დადებაზე შეზღუდვები არ ვრცელდება იმ მეწარმეებზე, რომელთა რეგისტრაციიდან არ გასულა 48 თვე და ისინი აკმაყოფილებენ მთავრობის მიერ დადგენილ დამატებით პირობებს. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, ხელშეკრულების ვადიანობა არ უნდა იყოს სამ თვეზე ნაკლები.

2. შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობები

დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების დადებისას დამსაქმებელმა უნდა გაითვალისწინოს ის აუცილებელი პირობები, რომლებიც საქართველოს შრომის კოდექსით არის განსაზღვრული:

  • მხარეები;
  • თანამდებობა და მოვალეობები;
  • მუშაობის დაწყების დრო;
  • ხელშეკრულების ვადა;
  • სამუშაო და დასვენების დრო;
  • სამუშაო ადგილი;
  • შრომის ანაზღაურება;
  • ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების წესი;
  • შვებულების რაოდენობა და გაცემის წესი;
  • შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის წესი.

არსებითი პირობების ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით ან კანონით განსაზღვრული მინიმალური დაცვის სტანდარტების გაუმჯობესებისას დასაქმებულის სასარგებლოდ.

3. გამოსაცდელი ვადა

შრომის კოდექსი დამსაქმებელს აძლევს შესაძლებლობას, დადოს გამოსაცდელი ვადი ხელშეკრულება, რათა შეაფასოს თანამშრომლის შესაბამისობა სამუშაოსთვის. ასეთი ხელშეკრულების მაქსიმალური ვადა არის 6 თვე და გამოიყენება მხოლოდ ერთხელ თითო დასაქმებულთან. გამოსაცდელი ვადის დასრულების შემდეგ დამსაქმებელს შეუძლია დადოს ვადიანი ან უვადო ხელშეკრულება ან შეწყვიტოს თანამშრომლობა.

4. სამუშაო დრო

შრომის კოდექსი ნორმირებულ სამუშაო დროდ განსაზღვრავს კვირაში მაქსიმუმ 40 საათს, რაც არ მოიცავს შესვენების და დასვენების დროს. კანონით დადგენილი ნორმის გადაჭარბება დაუშვებელია, გარდა სპეციფიური სამუშაო გრაფიკის მქონე საწარმოების შემთხვევისა, როგორიცაა: ჯანდაცვა, ტრანსპორტი და სხვ. ასეთ საწარმოში სამუშაო დრო შეიძლება კვირაში მაქსიმუმ 48 საათს შეადგენდეს.

5. ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება

ზეგანაკვეთური სამუშაო დასაშვებია მხარეთა შეთანხმებით და ის უნდა ანაზღაურდეს სტანდარტულსაათობრივ განაკვეთის გაზრდილი ოდენობით. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციების თანახმად, კვირაში მუშაობის მაქსიმალური დრო (ზეგანაკვეთური ჩათვლით) არ უნდა აღემატებოდეს 56 საათს, ხოლო ევროკავშირის დირექტივების მიხედვით – საშუალოდ 48 საათს. საქართველოში, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებით, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება განისაზღვრება შრომის ნორმალური განაკვეთის 125%-ის ოდენობით.

ზეგანაკვეთური შრომის ნაცვლად დამსაქმებელს შეუძლია, დასაქმებულს შესთავაზოს დამატებითი დასვენების დრო, თუ ამის თაობაზე მხარეები შეთანხმდებიან.

შესაბამისობის სტრატეგიული უპირატესობა

შრომითი კანონმდებლობის დაცვა მხოლოდ სამართლებრივი ვალდებულება არ არის, არამედ სტრატეგიული შესაძლებლობაა, რომელიც ხელს უწყობს თანამშრომლებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას, პროდუქტიულობის ზრდას და კომპანიის, როგორც პასუხისმგებლიანი დამსაქმებლის პოზიტიური რეპუტაციის ჩამოყალიბებას. ეფექტური სამუშაო ძალის მართვა ბიზნესის წარმატების საფუძველია.

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნეს მრჩეველი
image ხელოვნური ინტელექტი და რეკრუტინგი - რა უნდა გაითვალისწინოს ბიზნესმა?

07.10.2025.12:08

ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივი კუთხით გამოყენება თანამედროვე სამყაროში სულ უფრო აქტუალური ხდება. 2025 წელს ალბანეთში ხელოვნური ინტელექტი მინისტრად დანიშნა. ფაქტობრივად, ის არის ვირტუალური მინისტრი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის საშუალებითაა შექმნილი და ყველა საჯარო შესყიდვაზე იქნება პასუხისმგებელი. ხელოვნური ინტელექტის მსგავსი სახით გამოყენება ცხადყოფს, რამდენად აქტუალურია მისი რეგულირების საკითხი. შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საკითხსა და შესაბამის რისკებზე საუბრობს იურიდიული ფირმა ბი ვი ქონსალთინგის იურისტი მარიამ ბაღდავაძე.

ხელოვნური ინტელექტის დანერგვა ბიზნეს-საქმიანობაში თანამედროვე ინდუსტრიის ერთ-ერთი მონაპოვარია. მიუხედავად რიგი ბენეფიტებისა, მისი თუნდაც შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებში გამოყენების სამართლებრივი რეგულირება საქართველოში ჯერ კიდევ არაა სრულყოფილად მოწესრიგებული.

საქართველოში დღეს-დღეობით აქტიურად გამოიყენება ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე შექმნილი დასაქმების ისეთი პლატფორმები, როგორიცაა: Helio, „LinkedIn“-ის რეკომენდაციური ალგორითმები და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული შეფასების პროგრამები. ამგვარი პლატფორმები საშუალებას აძლევს დამსაქმებლებს, სწრაფად შეარჩიონ კანდიდატები, ხოლო თანამშრომლებს – იპოვონ მათ საჭიროებებზე მორგებული ვაკანსიები. თუმცა, სწორედ ამ ეტაპზე ჩნდება რიგი სამართლებრივი გამოწვევები, რომელთა უგულებელყოფამ შესაძლოა გამოიწვიოს დისკრიმინაციული პრაქტიკის დამკვიდრება.

ევროკავშირის სასამართლო პრაქტიკაში უკვე არაერთი შემთხვევა ფიქსირდება, სადაც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისა და ალგორითმზე დაფუძნებული გადაწყვეტილების შედეგად შრომით ურთიერთობებში დაირღვა თანასწორობის პრინციპი. მაგალითად, გერმანიის ფედერალური შრომითი სასამართლოს (Bundesarbeitsgericht) ერთ-ერთ საქმეში დადგინდა, რომ სამუშაოს კანდიდატთა შეფასების სისტემა, რომელიც ავტომატურად ანიჭებდა დაბალ ქულას ასაკოვან კანდიდატებს, არღვევდა ასაკობრივი დისკრიმინაციის აკრძალვას. ანალოგიურად, ნიდერლანდებში სასამართლომ შეაფასა Deliveroo-ს ალგორითმული სისტემის გამოყენება კურიერების კონტროლისა და შეფასებისას და დაასკვნა, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პირობებში შრომითი ურთიერთობები უნდა დაექვემდებაროს კლასიკურ შრომით სამართლის სტანდარტებს და არა მხოლოდ ზოგად სამოქალაქო-სამართლებრივ რეგულაციას.

ზემოთ განხილულმა მაგალითებმა ცხადყო, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას თან ახლავს:

• მიკერძოების მაღალი რისკი – ხელოვნური ინტელექტი გადაწყვეტილების მისაღებად ხშირად იყენებს ბაზაში დაგროვებულ მონაცემებს, როგორც სასწავლ მასალას, სადაც შესაძლოა ბუნებრივად იყოს გამოკვეთილი დისკრიმინაციული ტენდენციები. შედეგად, ახალი გადაწყვეტილებებიც იმეორებს ამ მოცემულობას. მაგალითად, სქესის ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევა დადგინდა გახმაურებულ Amazon-ის ქეისში შიდა რეკრუტინგისათვის გამოყენებული ალგორითმის მიერ, რომელმაც უპირატესობა წარსულ მონაცემებზე დაყრდნობით მამაკაც კანდიდატებს მიანიჭა.

• გამჭვირვალობის პრობლემა – ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისას იქმნება „შავი ყუთის“ ეფექტი, როდესაც დასაქმებული ან კანდიდატი ვერ იგებს, რა კრიტერიუმებით მიიღო ალგორითმმა კონკრეტული გადაწყვეტილება. სწორედ ამიტომ, ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში დამსაქმებლებს ევალებათ, განმარტონ, თუ როგორ ფუნქციონირებს ავტომატური გადაწყვეტილების სისტემა (GDPR-ის 22-ე მუხლი).

• შრომითი უფლებების დარღვევის რისკი – თუ ალგორითმი ავტომატურად აკონტროლებს თანამშრომელთა მუშაობას (მაგალითად, ე.წ. თრექინგ-სისტემებით ან ავტომატური შეფასებით), ჩნდება შრომითი უფლებების დარღვევის მაღალი რისკი. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა იტალიაში, სადაც სასამართლომ აკრძალა Uber-ის ალგორითმის გარკვეული ფორმით გამოყენება, ვინაიდან იგი უსამართლოდ აჯარიმებდა მძღოლებს დისტანციური მონიტორინგის ფარგლებში და არღვევდა მათ შრომით უფლებებს.

ამ ეტაპზე საქართველოში ხელოვნური ინტელექტის სამუშაო პროცესში თანამშრომელთა მონიტორინგისათვის გამოყენება შედარებით იშვიათია, თუმცა რეკრუიტინგის პროცესში აშკარად იკვეთება მისი აქტიური მოხმარება. ამდენად, შრომით-სამართლებრივი ურთიერთობების კონტექსტში აუცილებელია:

  • დამსაქმებლებმა უზრუნველყონ ალგორითმული გადაწყვეტილებების გამჭვირვალობა;
  • შემუშავდეს მექანიზმები, რომლებითაც დასაქმებულს ექნება შესაძლებლობა გაასაჩივროს ალგორითმის მიერ მიღებული გადაწყვეტილება;
  • დამსაქმებელმა შეიმუშავოს ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ინსტრუქცია და რისკის მართვაზე დაფუძნებული პირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს გამოყენებული პროგრამა.

ამგვარად, ბიზნეს სუბიექტებს ექნებათ საშუალება, ეფექტურად უპასუხოს თანამედროვე ტექნოლოგიური განვითარების გამოწვევებს და მართონ შრომით ურთიერთობებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებული რისკები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა