სანდო გარიგებების ახალი ეპოქა, სმარტ კონტრაქტები და უძრავი ქონება
სმარტ კონტრაქტებთან დაკავშირებით განხორციელებულ სიახლეებზე გვესაუბრება ბი ვი ქონსალთინგის იურისტი მარიამ ბაღდავაძე. სამყარო უფრო ციფრული და ავტომატიზირებული ხდება და ამ პროცესში სმარტ კონტრაქტები ერთ-ერთი წამყვანი როლის შემსრულებელია. ეს არის ტექნოლოგია, რომელიც შესაძლებელს ხდის შუამავლების გარეშე გარიგებების სწრაფად, უსაფრთხოდ და გამჭვირვალედ დადებას. საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განახორციელა უძრავი ნივთის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული უნიკალური პროექტი სმარტ კონტრაქტების მეშვეობით.
სმარტ კონტრაქტი ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული სისტემაა. ბლოკჩეინი მონაცემთა დაცვის თანამედროვე სისტემებს შორის ყველაზე უსაფრთხოდ მიიჩნევა, ვინაიდან მასში დაცული ინფორმაციის წაშლა/შეცვლა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. მხარეები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, შეცვალონ ხელშეკრულების პირობები მისი დადების შემდეგ. ხელშეკრულების დადების პროცესი კი ნახევრადავტომატიზებულია - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდიდან ვიზიტის დაჯავშნის შემდეგ ონლაინ შეხვედრაზე ხდება შეთანხმების მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება (ვიზუალური გამოსახულებისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის შემოწმებით). შეხვედრას წარმართავს ოპერატორი, რომელიც ეხმარება მხარეებს უძრავი ქონების ხელშეკრულების მონაცემების შევსებაში (ქონების დეტალები, მომსახურების ვადა, საფასური და ა.შ.), აცნობს მხარეებს ხელშეკრულების პირობებს და ა.შ.
საჯარო რეესტრის მიერ დანერგილი სისტემის მეშვეობით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დროს ხდება მხარეთა ვალდებულებების ერთდროულად შესრულება, რასაც უზრუნველყოფს სმარტ კონტრაქტი. კერძოდ, კონტრაქტის გენერირების შემდგომ მხარეებს ერთდროულად, ავტომატურად მისდით შეტყობინება ვალდებულების შესრულების შესახებ: გამყიდველის შემთხვევაში - ის ავტომატურად იღებს საბანკო ანგარიშზე ნასყიდობის საფასურს, რომელიც წინასწარ არის განთავსებული ერთ-ერთი მხარის დაცულ საბანკო ანგარიშზე, ხოლო მყიდველის შემთხვევაში - ავტომატურად ხდება მისი რეგისტრაცია უძრავი ქონების მესაკუთრედ და ამონაწერის გაგზავნა შეტყობინების საშუალებით.
აღნიშული სერვისი ხელმისაწვდომია საქართველოს მოქალაქეებისთვის და საშუალებას მისცემს მათ სხვა საგებელთან ერთად საზღვარგარეთიდან შუამავლების გარეშე შეიძინონ ან გაყიდონ უძრავი ქონება, რაც თავის მხრივ კიდევ უფრო განავითარებს და ლიკვიდურს გახდის საქართველოს უძრავი ქონების ბაზარს.
ამდენად, გონიერი კონტრაქტების გამოყენებით ბიზნესს შეუძლია მიიღოს ის ბენეფიტები, რაც შედეგად მოჰყვება ციფრული ტექნოლოგიის განვითარებას:
სხვა სიახლეები
კონკურენციის სააგენტომ სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებით, შესაძლო კარტელზე მოკვლევა დაიწყო - BV Consulting-ი პროცედურის დეტალებზე
08.12.2025.17:54
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებით, 2022-2025 წლებში გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილე 11 კომპანიის მიმართ სავარაუდო შეთანხმებული ქმედებების ფაქტებზე მოკვლევა დაიწყო.
აღნიშნულ თემაზე გვესაუბრება იურიდიული ფირმა ბი ვი ქონსალთინგის მმართველის პარტნიორი ვახტანგ შურღაია, რომელიც წარმოადგენს რამდენიმე კომპანიას გახმაურებულ ნავთობის და ფარმაციის ქეისებზე კონკურენციის სააგენტოსთან დავაში.
როგორ შეაფასებთ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებით მოკვლევის დაწყების თაობაზე?
როგორც კონკურენციის სააგენტოს განცხადებიდან ირკვევა, მოკვლევა დაწყებულია სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებით გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილე კომპანიების მიმართ რეგიონალური სამინისტროს მომართვის საფუძველზე. მოკვლევა შეეხება „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის სავარაუდო დარღვევას, რომელიც ე.წ. კარტელური შეთანხმებას მოიაზრებს.
როგორია კონკურენციის სააგენტოს მიერ მოკვლევის განხორციელების პროცედურა?
საქმის მოკვლევის დაწყების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სააგენტო იწყებს საქმის მოკვლევას და არაუგვიანეს 6 თვისა იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოკვლევის ვადა შეიძლება გაგრძელდეს მაქსიმუმ 18 თვემდე.
ამასთან, სააგენტო უფლებამოსილია ეკონომიკურ აგენტს მოსთხოვოს ნებისმიერი დოკუმენტი/ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური), რომელიც საჭიროა სააგენტოს მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში და ხელს შეუწყობს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენას. თავის მხრივ, ეკონომიკური აგენტი ვალდებულია მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია წინააღმდეგ შემთხვევაში ეს გამოიწვევს მის დაჯარიმებას და ამასთან ჯარიმა არ ათავისუფლებს მას ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებისგან.
სააგენტო უფლებამოსილია, ახსნა-განმარტების მიღების მიზნით, ჩაატაროს სხდომა მხარეთა მონაწილეობით. შემაჯამებელი სხდომის დასრულების შემდგომ კი მოკვლევის ჯგუფი გადაწყვეტილების პროექტს წარუდგენს სააგენტოს თავმჯდომარეს დასამტკიცებლად. ამასთან, დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე სააგენტოს გადაწყვეტილებით კომპანია შეიძლება დაჯარიმდეს წლიური ბრუნვის 5%-მდე. სააგენტოს საბოლოო გადაწყვეტილება, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში.
სახელმწიფო ტენდერების სტრუქტურა და კრიტერიუმები ხომ არ იწვევს თანამშრომლობის/შეთანხმების სტიმულს კომპანიებს შორის? რა ზღვარი არსებობს კომპანიების პარალელურ ქცევასა და კოორდინირებულ ქმედებას შორის?
ზოგადად, სახელმწიფო ტენდერები კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის მაღალი რისკით ხასიათდება როგორც საქართველოში, ისე - საერთაშორისო დონეზე. აღსანიშნავია, რომ ზღვარი ეკონომიკურ აგენტებს შორის შეთანხმებულ ქმედებასა და პარალელიზმს შორის საკმაოდ მყიფეა. ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ პარალელური ქმედება თავისთავად არ იგივდება შეთანხმებულ ქმედებასთან, ის მაინც შეიძლება წარმოადგენდეს ამგვარი პრაქტიკის არსებობის მყარ მტკიცებულებას“.
სწორედ ამიტომ, აუცილებელია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეთანხმებული ქმედების დადასტურებისას კონკურენციის სააგენტომ იხელმძღვანელოს მაღალი სტანდარტით და მხედველობაში იქნეს მიღებული ეკონომიკური აგენტის როგორც ქმედება (შეთანხმება, შეთანხმებული ქმედება, გადაწყვეტილება), კომუნიკაციის/ინფორმაციის მიმოცვლის ფაქტის დადგენა და კონკურენციის შეზღუდვის მიზანი/შედეგი.
როგორ აფასებთ სააგენტოს მიერ ჩატარებული მოკვლევების დინამიკასა და ეფექტიანობას წელს?
აღსანიშნავია, რომ კონკურენციის სააგენტოს მოკვლევათა რიცხვი მზარდია ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში.
მიუხედავად მოკვლევების დინამიკისა თუ ეფექტიანობისა, სამწუხაროდ, კონკურენციის სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების რევიზია სასამართლოში არაეფექტურად დიდ დროსთანაა დაკავშირებული, რაც, თავის მხრივ, ხელს უშლის კონკურენციის სააგენტოს ეფექტიანობასაც.
რა რჩევებს მისცემდით სახელმწიფო ტენდერებშში მონაწილე კომპანიებს კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისი საქმიანობის განხორციელების უზრუსთვის?
ვინაიდან კონკურენციის სამართალი საქართველოში მეტ-ნაკლებად ახალი დარგია, მნიშვნელოვანია, კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად ამაღლდეს ცოდნის დონე. გადამწყვეტია, კომპანიებმა მიიღონ კვალიფიციური იურიდიული კონსულტაცია, რაც უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, კონკურენციის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობას, ხოლო, მეორე მხრივ, სწორი კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავებას კონკურენციის სააგენტოსთან.