სანდო გარიგებების ახალი ეპოქა, სმარტ კონტრაქტები და უძრავი ქონება
სმარტ კონტრაქტებთან დაკავშირებით განხორციელებულ სიახლეებზე გვესაუბრება ბი ვი ქონსალთინგის იურისტი მარიამ ბაღდავაძე. სამყარო უფრო ციფრული და ავტომატიზირებული ხდება და ამ პროცესში სმარტ კონტრაქტები ერთ-ერთი წამყვანი როლის შემსრულებელია. ეს არის ტექნოლოგია, რომელიც შესაძლებელს ხდის შუამავლების გარეშე გარიგებების სწრაფად, უსაფრთხოდ და გამჭვირვალედ დადებას. საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განახორციელა უძრავი ნივთის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული უნიკალური პროექტი სმარტ კონტრაქტების მეშვეობით.
სმარტ კონტრაქტი ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული სისტემაა. ბლოკჩეინი მონაცემთა დაცვის თანამედროვე სისტემებს შორის ყველაზე უსაფრთხოდ მიიჩნევა, ვინაიდან მასში დაცული ინფორმაციის წაშლა/შეცვლა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. მხარეები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, შეცვალონ ხელშეკრულების პირობები მისი დადების შემდეგ. ხელშეკრულების დადების პროცესი კი ნახევრადავტომატიზებულია - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდიდან ვიზიტის დაჯავშნის შემდეგ ონლაინ შეხვედრაზე ხდება შეთანხმების მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება (ვიზუალური გამოსახულებისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის შემოწმებით). შეხვედრას წარმართავს ოპერატორი, რომელიც ეხმარება მხარეებს უძრავი ქონების ხელშეკრულების მონაცემების შევსებაში (ქონების დეტალები, მომსახურების ვადა, საფასური და ა.შ.), აცნობს მხარეებს ხელშეკრულების პირობებს და ა.შ.
საჯარო რეესტრის მიერ დანერგილი სისტემის მეშვეობით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დროს ხდება მხარეთა ვალდებულებების ერთდროულად შესრულება, რასაც უზრუნველყოფს სმარტ კონტრაქტი. კერძოდ, კონტრაქტის გენერირების შემდგომ მხარეებს ერთდროულად, ავტომატურად მისდით შეტყობინება ვალდებულების შესრულების შესახებ: გამყიდველის შემთხვევაში - ის ავტომატურად იღებს საბანკო ანგარიშზე ნასყიდობის საფასურს, რომელიც წინასწარ არის განთავსებული ერთ-ერთი მხარის დაცულ საბანკო ანგარიშზე, ხოლო მყიდველის შემთხვევაში - ავტომატურად ხდება მისი რეგისტრაცია უძრავი ქონების მესაკუთრედ და ამონაწერის გაგზავნა შეტყობინების საშუალებით.
აღნიშული სერვისი ხელმისაწვდომია საქართველოს მოქალაქეებისთვის და საშუალებას მისცემს მათ სხვა საგებელთან ერთად საზღვარგარეთიდან შუამავლების გარეშე შეიძინონ ან გაყიდონ უძრავი ქონება, რაც თავის მხრივ კიდევ უფრო განავითარებს და ლიკვიდურს გახდის საქართველოს უძრავი ქონების ბაზარს.
ამდენად, გონიერი კონტრაქტების გამოყენებით ბიზნესს შეუძლია მიიღოს ის ბენეფიტები, რაც შედეგად მოჰყვება ციფრული ტექნოლოგიის განვითარებას:
სხვა სიახლეები
ახალი წესები ვირტუალური აქტივების ბაზარზე - რა უნდა გაითვალისწინონ პროვაიდერებმა
08.09.2026.10:43
ვირტუალური აქტივების ბაზარი საქართველოში ახალი ეტაპისთვის ემზადება - სექტორის რეგულირების მიმართულებით განხორციელებული ცვლილებები ბაზრის მონაწილეებისთვის არაერთ მნიშვნელოვან სიახლესა და ვალდებულებას ითვალისწინებს. რა იცვლება ვირტუალური აქტივის სერვისის პროვაიდერებისთვის, რას უნდა მიაქციონ ყურადღება კომპანიებმა და რა გავლენას მოახდენს ახალი რეგულაციები მათ საქმიანობაზე - აღნიშნულ საკითხებზე საუბრობს იურიდიული ფირმა „ბი ვი ქონსალთინგის“ მმართველი პარტნიორი - ვახტანგ შურღაია.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე რეგულირებული საქმიანობის ფარგლების დაზუსტებას უკავშირდება. ახალი რეგულაცია უფრო მკაფიოდ განსაზღვრავს, რა შეიძლება ჩაითვალოს ვირტუალური აქტივის მომსახურებად. რეგულირების ქვეშ ექცევა არა მხოლოდ ვირტუალური აქტივის გაცვლა, არამედ: მისი გადაცემა, შენახვა და ადმინისტრირება, პორტფელის მართვა, სავაჭრო პლატფორმის ადმინისტრირება, სესხად გაცემა და პირველადი შეთავაზება ან მასთან დაკავშირებული მომსახურება.
ამასთან, ცვლილებების შედეგად პროვაიდერის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებაში კონკრეტულად მიეთითება მის მიერ განხორციელებული ვირტუალური აქტივის მომსახურების სახე. ეს მიდგომა ბაზარზე საქმიანობის უფრო გამჭვირვალე და მკაფიო ჩარჩოს შექმნას ემსახურება.
სიახლეები შეეხება ფინანსურ სანქციებსაც. ახალი წესების მიხედვით, პროვაიდერის მიერ ნებადართული საქმიანობის ფარგლების მიღმა მოქმედება 50 000 ლარის ჯარიმას გამოიწვევს, შესაბამისი ელექტრონული სისტემის არქონა ან ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული მომსახურების სქემის დარღვევა კი - 20 000 ლარს. განსაკუთრებით მკაცრია მიდგომა სტაბილურ ვირტუალურ აქტივებთან მიმართებით. საქართველოში ასეთი აქტივის პირველადი შეთავაზება ეროვნული ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე ასევე 50 000 ლარით დაჯარიმდება. შესაბამისად, იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ამ მიმართულებით საქმიანობის გაფართოებას გეგმავენ, მარეგულირებელთან წინასწარი კომუნიკაცია და საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულება კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს.
ცვლილებებით აგრეთვე გაფართოვდა მოთხოვნები VASP-ების რეგისტრაციასთან დაკავშირებით. რეგისტრაციის მსურველმა ეროვნულ ბანკს, სხვა დოკუმენტაციასთან ერთად, უნდა წარუდგინოს მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის შევსების დამადასტურებელი საბანკო ამონაწერი. აღნიშნული მოთხოვნები პირდაპირ აისახება პროვაიდერების ფინანსურ მოდელზეც - მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის ოდენობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ტიპის მომსახურებას ახორციელებს პროვაიდერი. მაგალითისათვის, კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ურთიერთგადაცვლის ან გადაცემის მომსახურების განხორციელებისას მინიმალური საზედამხედველო კაპიტალი 150 000 ლარით განისაზღვრა, ხოლო სავაჭრო პლატფორმის ადმინისტრირების შემთხვევაში - 350 000 ლარით.
ცვლილებების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მიმართულება რისკების მართვის ჩარჩოს სავალდებულო არსებობაა. პროვაიდერს უნდა ჰქონდეს შესაბამისი პოლიტიკა და პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული რისკების გამოვლენას, შეფასებას, მონიტორინგს, ანგარიშგებას, კონტროლსა და შემცირებას.
საბოლოოდ, ახალი რეგულაციები ვირტუალური აქტივების ბაზრისთვის მხოლოდ დამატებითი ბარიერების დაწესებას არ ნიშნავს. მათი მთავარი შედეგი ბაზარზე უფრო მკაფიო თამაშის წესების ჩამოყალიბება და პროფესიული სტანდარტების დახვეწაა. თუმცა, ამავე დროს, კომპანიებისთვის იზრდება როგორც შესაბამისობის უზრუნველყოფის ხარჯი, ისე - რეგულაციების დარღვევასთან დაკავშირებული ფინანსური რისკები. სწორედ ამიტომ, VASP-ებისთვის მთავარი ამოცანა არა მხოლოდ ახალი მოთხოვნების ცოდნა, არამედ მათი ბიზნეს-ოპერაციებში სწორად ინტეგრირება და საქმიანობის მოქმედ რეგულაციებთან მუდმივი შესაბამისობის უზრუნველყოფაა. ამ პროცესში კი კვალიფიციური სამართლებრივი მხარდაჭერა კომპანიებს საშუალებას აძლევს, დროულად შეაფასონ რისკები და თავიდან აიცილონ რეგულაციების დარღვევით გამოწვეული სამართლებრივი თუ ფინანსური რისკები.