სახელმწიფო შესყიდვებში ტენდერის შეწყვეტის საფუძვლები
სახელმწიფო შესყიდვები ბიზნესის საქმიანობისათვის ერთ-ერთი საინტერესო მიმართულებაა, სადაც ეფექტური კონკურენცია და გამჭვირვალობა უნდა იყოს გარანტირებული. ელექტრონული ტენდერის შეწყვეტა ხშირად ხდება სხვადასხვა მიზეზის გამო. ასეთი გადაწყვეტილებები წარმოშობს დავებს, რის გამოც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დავების განხილვის საბჭოს პრაქტიკა. იურიდიული ფირმა ბი ვი ქონსალთინგის მმართველი პარტნიორი ვახტანგ შურღაია მიმოიხილავს ტენდერის შეწყვეტის საფუძვლებს და დავების განხილვის საბჭოს პრაქტიკას.
ელექტრონული ტენდერის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლები განსაზღვრულია „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ საქართველოს კანონით. კანონის მე-7 მუხლის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, ელექტრონული ტენდერის შემთხვევებში ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შესყიდვის პროცედურა, თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან ან/და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.
დავების განხილვის საბჭოს პრაქტიკის თანახმად, ელექტრონული ტენდერის შეწყვეტის საფუძველს არ წარმოადგენს მხოლოდ ზოგადი, ბუნდოვანი მითითება შეწყვეტის მიზანშეწონილობაზე. აუცილებელია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიამ წარმოადგინოს დასაბუთებული ოქმი და მასში ასახოს მტკიცებულებები, რომლებიც ამართლებს ტენდერის შეწყვეტას.
მაგალითისათვის, პირობების შეცვლის მოტივით ტენდერის შეწყვეტა ხშირად ხდება იმ მიზეზით, რომ სატენდერო დოკუმენტაციის ჩანაწერები ურთიერთსაწინააღმდეგო დათქმას შეიცავენ. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება პრეტენდენტის შეფასება. დამატებით, ზოგიერთ შემთხვევაში სატენდერო პირობის ბუნდოვანებიდან/უზუსტობიდან გამომდინარე შესრულებას შეიძლება საფრთხე შეექმნას, რის გამოც შემსყიდველი წყვეტს ტენდერს.
დამატებით, ტენდერის შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს შეცვლილი გარემოებები, მაგალითად, როდესაც შემსყიდველს გამოცხადებული ტენდერით გათვალისწინებულ პროდუქტის ზუსტ ოდენობაზე ნაკლები სჭირდება მიმდინარე გარემოებების გათვალისწინებით. აღნიშნული არ შეეხება შემთხვევას, როდესაც სატენდერო დოკუმენტაცია შეიცავს პროდუქტის სავარაუდო ღირებულებას, რომლის დაზუსტებაც შემდგომ შესაძლებელია.
გარდა ამისა, ზოგჯერ შემსყიდველი ორგანიზაცია აგრეთვე აპელირებს ტენდერის გამოცხადების შემდგომ არასაკმარისი თანხების არსებობაზე შემდეგი წლის ბიუჯეტში. ზოგადად, აღნიშნული გარემოება არ არის საკმარისი ტენდერის შეწყვეტისათვის, ვინაიდან შეუძლებელია წინასწარ განსაზღვრა იმისა, გაიცემა თუ არა თანხმობა მომავალი წლის ბიუჯეტში აღნიშნული თანხების გამოყოფაზე. მაგალითისათვის, ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში დავების საბჭომ მიუთითა, რომ ოქმში წარმოდგენილი კომისიის მსჯელობა ელექტრონული ტენდერის გაგრძელებისათვის არასაკმარისი ბიუჯეტის არსებობის შესახებ არ შეიცავდა რაიმე სახის მითითებას სათანადო მტკიცებულებაზე, რომელიც ამ პოზიციის საფუძვლიანობას დაადასტურებდა.
შეწყვეტის დამატებითი საფუძველი გათვალისწინებულია „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებითაც. აღნიშნული ბრძანების თანახმად, ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შემთხვევაში შესაძლებელია ელექტრონული ტენდერის შეწყვეტა, თუ მომდევნო პრეტენდენტის წინადადების ფასი, ბაზარზე შეცვლილი გარემოებების შედეგად, მნიშვნელოვნად აღემატება ამ შესყიდვის ობიექტის საბაზრო ღირებულებას.
დავების განხილვის საბჭოს პრაქტიკის მიხედვით, ზემოხსენებული დათქმა შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ტენდერის შეწყვეტის უფლებამოსილებას ერთმნიშვნელოვნად უკავშირებს ბაზარზე არსებული გარემოებების ცვლილებას. შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აუცილებელია, დადგინდეს მომდევნო პრეტენდენტის წინადადების ფასი ბაზარზე შეცვლილი გარემოებების შედეგად მნიშვნელოვნად აღემატება თუ არა ამ შესყიდვის ობიექტის საბაზრო ღირებულებას. ასეთ დროს აუცილებელია შესაბამისი ბაზრის მოკვლევა. საკმარის საფუძველს არ წარმოადგენს მხოლოდ ვებ-გვერდზე განთავსებული ერთი დამოუკიდებელი ღირებულების მითითება შეცვლილი გარემოების დასადასტურებლად. ამავდროულად, აუცილებელია დასაბუთდეს, თუ რატომ არის შემსყიდველი ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანი პრეტენდენტების სატენდერო წინადადებების ფასთა შორის არსებული სხვაობა.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ელექტრონული ტენდერის შეწყვეტა კანონმდებლობით გათვალისწინებულ კონკრეტულ შემთხვევებშია დასაშვები, თუმცა დავების განხილვის საბჭოს პრაქტიკა ნათლად აჩვენებს, რომ ასეთი გადაწყვეტილება უნდა იყოს სრულად დასაბუთებული და მტკიცებულებებით გამყარებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, მაღალია რისკი, რომ საბჭო მას დაუსაბუთებლად მიიჩნევს. შესაბამისად, როგორც შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის, ისე - პრეტენდენტებისთვის მნიშვნელოვანია, კარგად იცნობდნენ არა მხოლოდ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის დათქმებს, არამედ საბჭოს გადაწყვეტილებებით ჩამოყალიბებულ პრაქტიკასაც. ეს ხელს უწყობს პროცესის გამჭვირვალობას, ამცირებს დავების ალბათობას და ქმნის უფრო სტაბილურ და პროგნოზირებად გარემოს ბიზნესისთვის.
დღის ტოპ 10 სიახლე
ვენახების გაშენებაზე თანხმობა ევროკავშირის ღვინის მწარმოებელ ყველა ქვეყანაში გაიცემა - ლევან მეხუზლა
სხვა სიახლეები
არაკეთილსინდისიერი კონკურენცია - რა უნდა გაითვალისწინოს ბიზნესმა?
17.02.2026.13:12
ბიზნესი ხშირად აწყდება კონკურენტი კომპანიების მხრიდან არაკეთილსინდისიერ კონკურენციას, რაც მნიშვნელოვან რისკებს ქმნის, როგორც მომხმარებლისთვის ასევე თავად კომპანიისთის ბაზარზე ნორმალური ოპერირებისთვის. იმაზე, თუ რა შეიძლება მიჩნეულ იქნეს მსგავს ქმედებად კანონისა და სააგენტოს პრაქტიკის მიხედვით, საუბრობს იურიდიული ფირმა ბი ვი ქონსალთინგის მმართველი პარტნიორი - ვახტანგ შურღაია.
კანონის მიხედვით, არაკეთილსინდისიერი კონკურენცია შესაძლოა გამოიხატოს ეკონომიკური აგენტის ისეთ ქმედებაში, რომელიც ეწინააღმდეგება საქმიანი ეთიკის ნორმებს და ლახავს კონკურენტის/მომხმარებლის ინტერესებს. მაგალითად:
აკრძალვა ემსახურება როგორც კონკურენტების, ისე - მომხმარებლების ინტერესების დაცვას და უზრუნველყოფს, რომ ეკონომიკურმა აგენტებმა კონკურენტული უპირატესობა მოიპოვონ კანონიერი გზით.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ კონკურენციის სამართალი არ ითვალისწინებს ეკონომიკური აგენტების გარეგნული იერსახის (საქონლის ფორმის ან შეფუთვის) შედარების კრიტერიუმებს. მაგალითისათვის, „წერეთელის მექსიკურის“ საქმეში სააგენტომ გამოიყენა საავტორო სამართლის ნორმები და სასაქონლო ნიშნების ურთიერთშედარების საფუძველზე მიიჩნია, რომ ობიექტის დიზაინში ფერების განსხვავება მომხმარებლისთვის საკმარის განმასხვავებელ ნიშანს არ წარმოადგენს, ამდენად, სახეზე იყო კონკურენციის ნორმების დარღვევა.
სხვა შემთხვევაში სააგენტომ არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შემთხვევად მიიჩნია კონკურენტი ეკონომიკური აგენტის შესახებ სოციალურ ქსელში „უკანონო საქმიანობის გაწევის“ ფაქტის მტკიცება. სააგენტომ განმარტა, რომ საშუალო სტატისტიკური მომხმარებლისთვის აღნიშნული ჩანაწერი აღქმული იქნება იმგვარად, რომ თითქოს კომპანია საქმიანობს უკანონოდ მაშინ, როდესაც არ არსებობს აღნიშნულის დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება და უფლებამოსილი უწყების მიერ მიღებული გადაწყვეტილება კომპანიის საქმიანობის უკანონოდ მიჩნევის შესახებ.
სააგენტო არაერთ გადაწყვეტილებაში უსვამს ხაზს, რომ კონკურენტის მიმართ გამოხატული კეთილსინდისიერი სამეწარმეო ქცევა ასევე გულისხმობს ისეთი მოქმედების განხორციელებისგან თავის შეკავებას, რომელიც აზიანებს მის ინტერესებს. ვინაიდან კონკურენტი ეკონომიკური აგენტების პოტენციური მომხმარებლები წარმოადგენენ ერთსა და იმავე სუბიექტებს, მსგავსი ქმედება ლახავს მომხმარებლის ინტერესებსაც მათთვის კომპანიაზე არასწორი შეხედულების შექმნის გზით.
ამდენად, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის რისკები არ შემოიფარგლება მხოლოდ სასამართლო დავით. იგი შეიძლება დასრულდეს კონკურენციის სააგენტოს მიერ ეკონომიკური აგენტისათვის ჯარიმის დაკისრებით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის ერთობლივი შემოსავლის 1%-ს. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, ბიზნეს-სუბიექტებმა უზრუნველყონ სამართლიანი კონკურენცია და გაითვალისწინონ სააგენტოს პრაქტიკა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.