სადაზღვევო კომპანიის ვალდებულებები სადაზღვევო მომსახურების გაწევისას
სადაზღვევო სფეროში მოქმედი რეგულაციები მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია მომხმარებელთა უფლებების დაცვისთვის, თუმცა არაერთი კითხვა კვლავაც აქტუალურია: იცის თუ არა დაზღვეულმა, რა უფლებებით სარგებლობს სადაზღვევო პროდუქტის მიღებისას და როგორ უნდა დაიცვას საკუთარი ინტერესი სადაზღვევო კომპანიასთან ურთიერთობისას? ამ საკითხებზე მნიშვნელოვან ინფორმაციას გვიზიარებს იურიდიული ფირმა "ბი ვი ქონსალთინგის" მმართველი პარტნიორი - ვახტანგ შურღაია.
უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მომხმარებლად განიხილება:
ა) სადაზღვევო მომსახურების მიღების განზრახვის მქონე ფიზიკური პირი ან დაზღვევის ხელშეკრულების დადების ეტაპზე დამზღვევი ფიზიკური პირი;
ბ) დამზღვევი, დაზღვეული, მოსარგებლე ან/და მესამე (სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევიდან გამომდინარე პირი, რომელსაც ზიანი მიადგა) პირი, დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების ყველა ეტაპზე.
მომხმარებლის უფლებების დაცვის სამართლებრივი ჩარჩო გვხვდება როგორც „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში, ისე სხვადასხვა კანონქვემდებარე აქტებში. მაგალითისათვის, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება „მზღვეველის მიერ სადაზღვევო მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ (შემდგომში - ინსტრუქცია) სადაზღვევო პროდუქტის მიღებისას მომხმარებელს ანიჭებს რიგ უფლებებს:
1. ამომწურავი ინფორმაციის მიღების უფლება - ხსენებული ინსტრუქციის თანახმად, მზღვეველმა უნდა უზრუნველყოს მომხმარებლისათვის სადაზღვევო მომსახურების თითოეული ეტაპის შესახებ სრული, აუცილებელი, გასაგები, უტყუარი და თავისდროული ინფორმაციის თანმიმდევრული მიწოდება, რაც მომხმარებელს არ უბიძგებს ისეთი გადაწყვეტილების მიღებისაკენ, რომელსაც იგი არ მიიღებდა უტყუარი და სრული ინფორმაციის ფლობის პირობებში.
ინსტრუქცია ასევე ადგენს სპეციფიკურ მოთხოვნას „ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების“ გაცნობასთან დაკავშირებით. კერძოდ, მზღვეველს ეკისრება „ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების“ დასახელებით ხელშეკრულებაზე თავსართის დართვის ამავე ინსტრუქციით დადგენილი დიზაინით/ფორმით (ტექსტის ზომა და სხვა ტექნიკური პარამეტრები). მსგავს მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენს, მაგალითად, სადაზღვევო თანხის ოდენობა, ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები, ინფორმაცია საზედამხედველო ორგანოს შესახებ და სხვა.
2. ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება - სადაზღვევო ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება წარმოადგენს მომხმარებლის დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას, რომელიც უზრუნველყოფს მის უფლებას, გაიაზროს და გადააფასოს ხელშეკრულების პირობები მისი დადების შემდგომ გარკვეულ ვადაში: სიცოცხლის დაზღვევის შემთხვევაში - 30 დღის, ხოლო დისტანციურად ან სარეწის გარეთ დადებული ხელშეკრულების შემთხვევაში - 14 დღის განმავლობაში. ამ პერიოდში მომხმარებელს შეუძლია, უარი თქვას ხელშეკრულებაზე ყოველგვარი საფუძვლის და ჯარიმის გადახდის გარეშე.
3. მზღვეველის ვალდებულებები დაზღვევის ხელშეკრულების დადების შემდეგ - მზღვეველს ეკისრება ვალდებულება, დაზღვევის ხელშეკრულების დადების შემდეგაც უზრუნველყოს მომხმარებლის დროული და გამჭვირვალე ინფორმირება ყველა მნიშვნელოვან საკითხზე — იქნება ეს ხელშეკრულების პირობების ცვლილება, საკომუნიკაციო საშუალებების შერჩევა, გადასახდელი თანხების ოდენობა თუ მომსახურების შეზღუდვის წინასწარი შეტყობინება. მომხმარებელს უფლება აქვს, მიიღოს საჭირო დოკუმენტაცია მოთხოვნისთანავე და ყოველგვარი დამატებითი გადასახადის გარეშე. აღნიშნული ვალდებულებები უზრუნველყოფს მომხმარებლის დაცვას და საშუალებას აძლევს მას, გაითვალისწინოს ფინანსური ვალდებულებები, რაც ქმნის კონტროლირებად და სანდო სახელშეკრულებო ურთიერთობას.
4. პრეტენზიის/საჩივრის შეტანის უფლება - ინსტრუქცია ავალდებულებს მზღვეველს, განსაზღვროს პრეტენზიების განხილვაზე პასუხისმგებელი დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეული/პირი და შეიმუშაოს შესაბამისი პროცედურები საჩივრების განსახილველად. დამატებით, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონიმომხმარებელს ანიჭებს უფლებას, მზღვეველის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში მიმართოს მზღვეველის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს, სასამართლოს ან/და ნებისმიერ სხვა უფლებამოსილ საჯარო/კერძო დაწესებულებას, ხოლო მზღვეველის მიერ მისი უფლებების დარღვევის შემთხვევაში − მიმართოს აგრეთვე საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს. დამატებით, იმ შემთხვევაში, თუ მზღვეველი არ დაიცავს ინსტრუქციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, სამსახური უფლებამოსილია, გამოიყენოს ამავე კანონით გათვალისწინებული სანქციები.
მომხმარებლისთვის, როგორც სადაზღვევო პროდუქტის მიმღებისთვის, მოქმედი რეგულაციები მნიშვნელოვან დაცვის მექანიზმებს უზრუნველყოფს. ისინი გარანტიას აძლევს მომხმარებელს, მიიღოს სრული და გამჭვირვალე ინფორმაცია, გაეცნოს ხელშეკრულების პირობებს მარტივად, გასაგები ფორმით და საჭიროების შემთხვევაში უარი თქვას ხელშეკრულებაზე უპრობლემოდ, ყოველგვარი დამატებითი გადასახდელის გარეშე. ამავე დროს, რეგულაციები ავალდებულებს სადაზღვევო ორგანიზაციებს, უზრუნველყონ მომსახურების მაღალი სტანდარტი და პასუხისმგებლობიანი ურთიერთობა. შესაბამისად, მომხმარებლებს წვდომა აქვთ სამართლებრივად დაცულ, პროგნოზირებად სახელშეკრულებო ურთიერთობაზე, რაც აძლევს მათ შესაძლებლობას, მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები.
დღის ტოპ 10 სიახლე
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება - პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
სხვა სიახლეები
რა იცვლება „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში - ვახტანგ შურღაიას შეფასება
07.04.2026.16:32
საქართველოს პარლამენტმა 2026 წლის პირველ აპრილს დააინიცირა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც შეეხება „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონსა და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს.
კანონპროექტის თანახმად, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული „თვითდასაქმებულის“ ცნებიდან ამოღებული იქნება ტერმინი „პარტნიორი“. შედეგად, საქმიანობის უფლების მოპოვების ვალდებულება არ გავრცელდება სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორ უცხოელებზე.
ამასთან, ცვლილებებით განისაზღვრა მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობა, რომელიც არ საჭიროებს არც ბინადრობის ნებართვისა და არც შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებას. მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობა დაკავშირებულია კონკრეტულ მოკლევადიან პროექტთან და ხორციელდება მოკლევადიანი ვიზიტის ფარგლებში. საქართველოს მთავრობის აქტით განისაზღვრება იმ საქმიანობათა ჩამონათვალი, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია მოკლევადიანი საქმიანობის განხორციელება.
ცვლილებების შედეგად, კანონის მოქმედება აგრეთვე არ ვრცელდება: სრულად დისტანციურ საქმიანობაზე, რომელიც არ საჭიროებს საქართველოში შემოსვლას; სახელმწიფო საწარმოსთვის/საჯარო დაწესებულებისთვის მომსახურების გაწევაზე; „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული 1-ლი, მე-2 და მე-3 კატეგორიის საწარმოს დირექტორზე, სამეთვალყურეო საბჭოს წევრსა და აუდიტის კომიტეტის წევრზე; სპეციალური ბინადრობის მფლობელ პირზე (რომელიც გაიცემა მთავრობის ინიციატივით); არარეზიდენტი პირისთვის მომსახურების გაწევაზე, როდესაც საქმიანობა/მომსახურების გაწევა უკავშირდება არარეზიდენტი პირის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ საქმიანობის განხორციელებას.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებით განისაზღვრა აგრეთვე ორდინალური ვიზის ახალი კატეგორია (C5), რომელიც წარმოადგენს მრავალჯერად მოკლევადიან ვიზას და შეიძლება გაიცეს 5 წლის მოქმედებით, საქართველოში ყოფნის 1-წლიანი ვადით. იგი გაიცემა მოკლევადიანი მიზნებით საქართველოში მომავალ პირზე, რომელიც შემოდის ტურისტული მიზნით და რომელსაც ასევე აქვს უფლება განახორციელოს საქმიანობა მხოლოდ არარეზიდენტი პირის სასარგებლოდ, თუ ის უკავშირდება არარეზდენტი პირის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ საქმიანობის განხორციელებას. ამ კატეგორიის ვიზა ასევე გაიცემა პირის მეუღლესა და არასრულწლოვან შვილზე/შვილებზე.