სად გადის ზღვარი ექსკლუზიურ შეთანხმებას და კონკურენციის შემზღუდველ შეთანხმებას შორის
დღევანდელ კონკურენტულ ბაზარზე ბიზნესის წარმატების ერთ-ერთი გასაღები ექსკლუზიური შეთანხმებების მიღწევაა, რათა უზრუნველყოფილი იქნეს კომპანიის უპირატესობა კონკურენტებზე. მიუხედავად ამისა, ხშირად რთულია მისი კანონსაწინააღმდეგო შეთანხმებისაგან გამიჯვნა. სად გადის ზღვარი ექსკლუზიურ შეთანხმებასა და კონკურენციის შემზღუდველ შეთანხმებას შორის და როდის აზიანებს ხელშეკრულება ჯანსაღ კონკურენციას? „ბიზნეს მრჩეველის“ რუბრიკაში ბი ვი ქონსალთინგის მმართველი პარტნიორი ვახტანგ შურღაია გვიზიარებს პრაქტიკულ გამოცდილებას ამ საკითხებთან დაკავშირებით.
რა არის ექსკლუზიური შეთანხმება?
ბიზნესის ეფექტური ფუნქციონირების ერთ-ერთ ხელშემწყობ ფაქტორს კომპანიებს შორის ექსკლუზიურ დათქმებზე დაფუძნებული ურთიერთობები წარმოადგენს. როგორც წესი, ამგვარი თანამშრომლობა ხელს უწყობს ბაზარზე ჯანსაღ კონკურენციას. ექსკლუზიური შეთანხმების მაგალითია ექსკლუზიური სავაჭრო პირობების დადგენა (ფასდაკლება, სპეციალური შეთავაზებები), ლოიალურობის პროგრამები და სხვა შეღავათები. მაგალითად, კონკურენციის სააგენტოს უახლეს გადაწყვეტილებაში (სასტუმროებისა და განთავსების ობიექტებით მომსახურების ონლაინ მიწოდების საქმე) სადავო იყო შეთანხმება, რომლითაც კომპანია მხოლოდ ერთ სავაჭრო პარტნიორს ანიჭებდა ექსკლუზიური ფასდაკლების სახით უპირატესობას.
რა შემთხვევაშია ექსკლუზიური შეთანხმება კანონსაწინააღმდეგო?
ექსკლუზიური ხელშეკრულებები შესაძლოა ჯანსაღი კონკურენტული გარემოსთვის მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს. ზღვარი ხელშეკრულების დადების თავისუფლებასა და კანონსაწინააღმდეგო შეთანხმებას შორის გადის იქ, სადაც შეთანხმებას მოსდევს კონკურენციის შეზღუდვა, დაუშვებლობა ან/და აკრძალვა. „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 1-ელი პუნქტით აკრძალულია სწორედ ისეთი ხელშეკრულების დადება, ქმედების განხორციელება ან გადაწყვეტილების მიღება, რომლის მიზანია/შედეგია ზემოხსენებული კონკურენციის შეზღუდვა. მაგალითისათვის, ასეთი ქმედებაა: ფასების ფიქსირება, ბაზრების სხვადასხვა ნიშნით განაწილება, ერთსა და იმავე ტრანზაქციებზე განსხვავებული პირობების დაწესება, არარელევანტური დამატებითი ვალდებულებების დადგენა ხელშეკრულების მხარისათვის და ა.შ.
საქართველოში მსგავსი შეთანხმებების კონტროლს ახორციელებს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო. იმისათვის, რომ შეთანხმებას არ ჰქონდეს კანონსაწინააღმდეგო ხასიათი, აუცილებელია, ბიზნესმა გაითვალისწინოს სააგენტოს მიერ ჩამოყალიბებული პრაქტიკა.
„დელტა დეველოპმენტ გრუპის“ საქმეში კონკურენციის სააგენტომ კონკურენციის შემზღუდველად მიიჩნია სახელმწიფო ტენდერში მონაწილე ბიზნეს სუბიექტებსა და „იშვიათი ენების“ (ბანგლადეშური, ჰინდი, ურდუ, სინჰალა და სხვ.,) სპეციალისტთან დადებული ექსკლუზიური შეთანხმება, რომელიც ამ უკანასკნელს უკრძალავდა მათ კონკურენტებთან თანამშრომლობას.
ასევე, „კინოთეატრის ბილეთების ონლაინ რეალიზაციის საქმეში“ სააგენტომ კონკურენციის საწინააღმდეგოდ მიიჩნია სადისტრიბუციო კომპანიასა და კინოთეატრის ბილეთების ონლაინ რეალიზატორს შორის კინოთეატრის ბილეთების „ექსკლუზიური მიწოდების“ თაობაზე ნებათა თანხვედრა.
რა საგამონაკლისო წესებს ითვალისწინებს კანონმდებლობა?
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ეკონომიკურ აგენტს არ ეკისრება პასუხისმგებლობა კანონსაწინააღმდეგო ექსკლუზიური შეთანხმებისათვის შემდეგ შემთხვევებში:
კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების დადგენის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებსჯარიმას, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში კომპანიის წლიური ბრუნვის 5 პროცენტს. კანონი განსაზღვრავს სანქციის მაქსიმალურ ოდენობას, ხოლო მისი ზუსტი რაოდენობის დადგენა ხდება სააგენტოს მიერ.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ექსკლუზიური შეთანხმებები კანონიერია, თუ მათი მიზანი/შედეგი არ არის კონკურენციის შეზღუდვა და შეესაბამება კანონით დადგენილ გამონაკლისებს. ზემოთ მოყვანილი მაგალითების გათვალისწინების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება კანონით გათვალისწინებული სანქციების თავიდან აცილება და ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობა.
დღის ტოპ 10 სიახლე
ჩვენი მიზანია გავხდეთ საქართველოს წამყვანი სასტუმრო - Le Méridien Batumi-ს ახალი გენერალური მენეჯერი
სხვა სიახლეები
სადამფუძნებლო დოკუმენტაციის შესაბამისობა ახალ კანონთან – რა უნდა იცოდნენ კომპანიებმა
04.02.2026.16:09
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად კომპანიის სარეგისტრაციო მონაცემების კანონთან შესაბამისობაში მოყვანის ვადა 2026 წლის 1 აპრილამდე გახანგრძლივდა. ახალი კანონის 254-ე მუხლის თანახმად, კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებული საწარმო ვალდებულია, 2026 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს საწარმოს/ფილიალის სარეგისტრაციო მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.
სამეწარმეო საზოგადოებამ ზემოხსენებული მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარუდგინოს სადამფუძნებლო შეთანხმება, რომელიც მიიღება საწარმოს ბოლო, 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული წესდებით.გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას კომპანიის რეგისტრაციის შეჩერების შესახებ, რის შედეგადაც რეესტრიდან ამონაწერი აღარ გაიცემა, აგრეთვე, იზღუდება კომპანიის მიერ საბანკო ანგარიშის მართვის, საგადასახადო ოპერაციების განხორციელების და სხვა მნიშვნელოვანი ფუნქციები.
იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია კვლავ არ იქნება შესაბამისობაში ახალ კანონთან, 2027 წლის 1 იანვრიდან მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ვალდებულების დამრღვევი მეწარმის რეგისტრაციის ხარვეზიანობის შესახებ, ხოლო განსაზღვრულ ვადაში მისი გამოსწორების არარსებობისას - მეწარმის/ფილიალის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.
აღსანიშნავია ისიც, რომ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირსა და უცხოური არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალებს სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ, მათი მონაცემები მოიყვანონ ახალ კანონთან შესაბამისობაში.
ამდენად, იმისათვის, რათა კომპანიებმა შეუფერხებლად შეძლონ საკუთარი საქმიანობის განხორციელება, აუცილებელია, კვალიფიციური იურიდიული მომსახურების მიღება და კანონით დადგენილ ვადაში სადამფუძნებლო დოკუმენტაციის შესაბამისობაში მოყვანა ახალ კანონთან.