რა უნდა გაითვალისწინოს ბიზნესმა კონცენტრაციისას
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) ინფორმაციით 2024 წლის მესამე კვარტალში, საქართველოში - ეკონომიკური აგენტების 11 720 კონცენტრაცია დარეგისტრირდა.
მათ შორის, დადებითი თანხმობა სააგენტოს მხრიდან გაეცა FMCG სექტორში შპს „დეილის“ (ს/ნ 406088638) მიერ სს „ქართული ლუდის კომპანიის“ (ს/ნ 404900737) აქციების 100%-ის შეძენაზე და ბაზარზე ჩამოყალიბდა ახალი მოთამაშე, რომელიც სუპერმარკეტების ყველაზე დიდი ქსელის მფლობელი იქნება.
კონცენტრაცია, ხშირად ბიზნესის გაფართოებისკენ გადადგმული ნაბიჯია. კონკურენციის შესახებ კანონის თანახმად, კონცენტრაცია შეიძლება განხორციელდეს რამდენიმე გზით:
სააგენტოსათვის შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ერთობლივი (ჯამური) წლიური შემოსავალი საქართველოს ტერიტორიაზე, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების წარმოშობის წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, აღემატება 20 მილიონ ლარს და, ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი წლიური შემოსავალი აღემატება 5 მილიონ ლარს.
კონცენტრაციის შესახებ შეტყობინება სააგენტოში ტრანზაქციის დასრულებამდე ან ფაქტობრივ განხორციელებამდე უნდა შევიდეს.
კონცენტრაცია, როგორც ბიზნესის გაფართოების/განვითარების მცდელობა, არ წარმოადგენს უარყოფით მოვლენას ბაზრისათვის. თუმცა, როდესაც მსგავსი ქმედება არსებითად ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას სასაქონლო ან მომსახურების ბაზარზე, კანონი მას დაუშვებლად აცხადებს. ბაზარზე ეფექტური კონკურენციის შენარჩუნების მიზნით კანონი კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ანიჭებს ექსკლუზიურ უფლებამოსილებას, გამოსცეს გადაწყვეტილება (თანხმობა) მოსალოდნელი კონცენტრაციის კონკურენტული ეფექტის შესახებ.
სააგენტოს უარი წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ კონცენტრაციის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს. სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებული 2019-2024 წელს მიღებული გადაწყვეტილებებიდან სააგენტომ 100% შემთხვევებში კონცენტრაცია თავსებადად მიიჩნია კონკურენტულ გარემოსთან და გასცა თანხმობა. ამასთან, 2024 წლის მესამე კვარტალში დარეგისტრირებულ კონცენტრაციათაგან 99,8% (11692 შემთხვევა) არც კი აკმაყოფილებდა წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს.
სხვა სიახლეები
ფაქტორინგი ახალი ფინანსური ინსტრუმენტი ბიზნესისთვის
15.04.2026.11:54
2026 წლის 1 აპრილს გამოქვეყნდა საქართველოს კანონი „ფაქტორინგის შესახებ“, რომელიც არეგულირებს ფაქტორინგის ინსტიტუტს. ფაქტორინგი წარმოადგენს ფინანსურ ინსტრუმენტს, რომელიც განსაკუთრებით მიმზიდველია ბიზნესისთვის ლიკვიდობის მართვისა და ფულადი ნაკადების ოპტიმიზაციის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტორინგული კომპანია, როგორც სპეციალიზებული სუბიექტი, შეიძლება იქცეს მოქნილ ალტერნატივად კომერციული ბანკების, მიკრობანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიმართ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ბიზნესს სჭირდება სწრაფი დაფინანსება დებიტორული დავალიანებიდან გამომდინარე და ნაკლები ბიუროკრატიული ბარიერები. მაგალითად, ფაქტორინგის გამოყენებას შეუძლია აღმოფხვრას კონსიგნაციასთან დაკავშირებული ფინანსური ბარიერები, რის შედეგადაც თანხის მიღება აღარ იქნება დაკავშირებული ხანგრძლივ დროის მონაკვეთთან.
ფაქტორინგზე დეტალურად გვესაუბრება ბი ვი ქონსალთინგის მმართველი პარტნიორი ვახტანგ შურღაია.
კანონის თანახმად, ფაქტორინგი არის გარიგება, რომელიც გულისხმობს ძირითადი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დებიტორული დავალიანების გადაცემას და რეგისტრირებულია ფაქტორინგის რეესტრში, რის შედეგადაც დებიტორული დავალიანებიდან გამომდინარე მოთხოვნაზე საკუთრების უფლება შესაბამის ფაქტორს გადაეცემა.
რაც შეეხება ხელშეკრულების მხარეებს, მოთხოვნის დამთმობი მხარე შეიძლება იყოს ნებისმიერი იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე, აგრეთვე სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც გადასცემს ძირითადი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დებიტორულ დავალიანებას ფაქტორს ფაქტორინგის ხელშეკრულების შესაბამისად. მეორე მხრივ, ფაქტორი შეიძლება იყოს კომერციული ბანკი, მიკრობანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ან ფაქტორინგული კომპანია.
კანონი ფაქტორინგზე ზედამხედველ ორგანოდ განსაზღვრავს საქართველოს ეროვნულ ბანკს და ფაქტორებს უწესებს რიგ მოთხოვნებს. მაგალითად, სავალდებულოა, ფაქტორი საქმიანობდეს მხოლოდ შპს-ს ან სს-ს სამართლებრივი ფორმით, ჰქონდეს განაღდებული კაპიტალი მინიმუმ 300 000 ლარის ოდენობით და მისი მართვის ორგანიზაციული სტრუქტურა მოიცავდეს სამეთვალყურეო საბჭოს.
ფაქტორი უფლებამოსილია, განახორციელოს მხოლოდ ფაქტორინგი და მასთან დაკავშირებული მომსახურება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი წარმოადგენს კომერციულ ბანკს, მიკრობანკს ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციას. ამავდროულად, არავის აქვს უფლება, განახორციელოს ფაქტორინგული საქმიანობა ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის გარეშე. აღსანიშნავია, რომ ფაქტორინგულ კომპანიად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოიშვება იმ შემთხვევაში, თუ კომპანიას მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულების შედეგად, ერთდროულად აქვს მოთხოვნის უფლება სულ მცირე 5 (ხუთ) დებიტორულ დავალიანებაზე.
ხაზგასასმელია, რომ კანონი ითვალისწინებს ფაქტორინგის რამდენიმე სახეს. მათ შორის:
• ფაქტორინგი რეგრესის უფლებით - ამ დროს ფაქტორს აქვს რეგრესის უფლება მოთხოვნის დამთმობი მხარის მიმართ, თუ მოვალემ არ დაფარა შესაბამისი კრედიტორული დავალიანება;
• რევერსიული ფაქტორინგი - ფაქტორი იღებს ვალდებულებას, დაფაროს მოვალის დებიტორული დავალიანება მისი კრედიტორის მიმართ, რაც, თავის მხრივ, საჭიროებს კრედიტორის წინასწარ წერილობით თანხმობას.
კანონი განსაზღვრავს აგრეთვე იმ სანქციების სახეებს, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ფაქტორებისა და ფაქტორინგული პლატფორმის, ისე - მათი ადმინისტრატორების მიმართ, მათ შორისაა: წერილობითი გაფრთხილება, ჯარიმა, რეგისტრაციის გაუქმება და ა.შ.