რა უნდა გაითვალისწინოს ბიზნესმა კონცენტრაციისას
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) ინფორმაციით 2024 წლის მესამე კვარტალში, საქართველოში - ეკონომიკური აგენტების 11 720 კონცენტრაცია დარეგისტრირდა.
მათ შორის, დადებითი თანხმობა სააგენტოს მხრიდან გაეცა FMCG სექტორში შპს „დეილის“ (ს/ნ 406088638) მიერ სს „ქართული ლუდის კომპანიის“ (ს/ნ 404900737) აქციების 100%-ის შეძენაზე და ბაზარზე ჩამოყალიბდა ახალი მოთამაშე, რომელიც სუპერმარკეტების ყველაზე დიდი ქსელის მფლობელი იქნება.
კონცენტრაცია, ხშირად ბიზნესის გაფართოებისკენ გადადგმული ნაბიჯია. კონკურენციის შესახებ კანონის თანახმად, კონცენტრაცია შეიძლება განხორციელდეს რამდენიმე გზით:
სააგენტოსათვის შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ერთობლივი (ჯამური) წლიური შემოსავალი საქართველოს ტერიტორიაზე, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების წარმოშობის წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, აღემატება 20 მილიონ ლარს და, ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი წლიური შემოსავალი აღემატება 5 მილიონ ლარს.
კონცენტრაციის შესახებ შეტყობინება სააგენტოში ტრანზაქციის დასრულებამდე ან ფაქტობრივ განხორციელებამდე უნდა შევიდეს.
კონცენტრაცია, როგორც ბიზნესის გაფართოების/განვითარების მცდელობა, არ წარმოადგენს უარყოფით მოვლენას ბაზრისათვის. თუმცა, როდესაც მსგავსი ქმედება არსებითად ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას სასაქონლო ან მომსახურების ბაზარზე, კანონი მას დაუშვებლად აცხადებს. ბაზარზე ეფექტური კონკურენციის შენარჩუნების მიზნით კანონი კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ანიჭებს ექსკლუზიურ უფლებამოსილებას, გამოსცეს გადაწყვეტილება (თანხმობა) მოსალოდნელი კონცენტრაციის კონკურენტული ეფექტის შესახებ.
სააგენტოს უარი წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ კონცენტრაციის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს. სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებული 2019-2024 წელს მიღებული გადაწყვეტილებებიდან სააგენტომ 100% შემთხვევებში კონცენტრაცია თავსებადად მიიჩნია კონკურენტულ გარემოსთან და გასცა თანხმობა. ამასთან, 2024 წლის მესამე კვარტალში დარეგისტრირებულ კონცენტრაციათაგან 99,8% (11692 შემთხვევა) არც კი აკმაყოფილებდა წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს.
სხვა სიახლეები
ახალი წესები ვირტუალური აქტივების ბაზარზე - რა უნდა გაითვალისწინონ პროვაიდერებმა
08.09.2026.10:43
ვირტუალური აქტივების ბაზარი საქართველოში ახალი ეტაპისთვის ემზადება - სექტორის რეგულირების მიმართულებით განხორციელებული ცვლილებები ბაზრის მონაწილეებისთვის არაერთ მნიშვნელოვან სიახლესა და ვალდებულებას ითვალისწინებს. რა იცვლება ვირტუალური აქტივის სერვისის პროვაიდერებისთვის, რას უნდა მიაქციონ ყურადღება კომპანიებმა და რა გავლენას მოახდენს ახალი რეგულაციები მათ საქმიანობაზე - აღნიშნულ საკითხებზე საუბრობს იურიდიული ფირმა „ბი ვი ქონსალთინგის“ მმართველი პარტნიორი - ვახტანგ შურღაია.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე რეგულირებული საქმიანობის ფარგლების დაზუსტებას უკავშირდება. ახალი რეგულაცია უფრო მკაფიოდ განსაზღვრავს, რა შეიძლება ჩაითვალოს ვირტუალური აქტივის მომსახურებად. რეგულირების ქვეშ ექცევა არა მხოლოდ ვირტუალური აქტივის გაცვლა, არამედ: მისი გადაცემა, შენახვა და ადმინისტრირება, პორტფელის მართვა, სავაჭრო პლატფორმის ადმინისტრირება, სესხად გაცემა და პირველადი შეთავაზება ან მასთან დაკავშირებული მომსახურება.
ამასთან, ცვლილებების შედეგად პროვაიდერის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებაში კონკრეტულად მიეთითება მის მიერ განხორციელებული ვირტუალური აქტივის მომსახურების სახე. ეს მიდგომა ბაზარზე საქმიანობის უფრო გამჭვირვალე და მკაფიო ჩარჩოს შექმნას ემსახურება.
სიახლეები შეეხება ფინანსურ სანქციებსაც. ახალი წესების მიხედვით, პროვაიდერის მიერ ნებადართული საქმიანობის ფარგლების მიღმა მოქმედება 50 000 ლარის ჯარიმას გამოიწვევს, შესაბამისი ელექტრონული სისტემის არქონა ან ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული მომსახურების სქემის დარღვევა კი - 20 000 ლარს. განსაკუთრებით მკაცრია მიდგომა სტაბილურ ვირტუალურ აქტივებთან მიმართებით. საქართველოში ასეთი აქტივის პირველადი შეთავაზება ეროვნული ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე ასევე 50 000 ლარით დაჯარიმდება. შესაბამისად, იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ამ მიმართულებით საქმიანობის გაფართოებას გეგმავენ, მარეგულირებელთან წინასწარი კომუნიკაცია და საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულება კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს.
ცვლილებებით აგრეთვე გაფართოვდა მოთხოვნები VASP-ების რეგისტრაციასთან დაკავშირებით. რეგისტრაციის მსურველმა ეროვნულ ბანკს, სხვა დოკუმენტაციასთან ერთად, უნდა წარუდგინოს მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის შევსების დამადასტურებელი საბანკო ამონაწერი. აღნიშნული მოთხოვნები პირდაპირ აისახება პროვაიდერების ფინანსურ მოდელზეც - მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის ოდენობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ტიპის მომსახურებას ახორციელებს პროვაიდერი. მაგალითისათვის, კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ურთიერთგადაცვლის ან გადაცემის მომსახურების განხორციელებისას მინიმალური საზედამხედველო კაპიტალი 150 000 ლარით განისაზღვრა, ხოლო სავაჭრო პლატფორმის ადმინისტრირების შემთხვევაში - 350 000 ლარით.
ცვლილებების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მიმართულება რისკების მართვის ჩარჩოს სავალდებულო არსებობაა. პროვაიდერს უნდა ჰქონდეს შესაბამისი პოლიტიკა და პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული რისკების გამოვლენას, შეფასებას, მონიტორინგს, ანგარიშგებას, კონტროლსა და შემცირებას.
საბოლოოდ, ახალი რეგულაციები ვირტუალური აქტივების ბაზრისთვის მხოლოდ დამატებითი ბარიერების დაწესებას არ ნიშნავს. მათი მთავარი შედეგი ბაზარზე უფრო მკაფიო თამაშის წესების ჩამოყალიბება და პროფესიული სტანდარტების დახვეწაა. თუმცა, ამავე დროს, კომპანიებისთვის იზრდება როგორც შესაბამისობის უზრუნველყოფის ხარჯი, ისე - რეგულაციების დარღვევასთან დაკავშირებული ფინანსური რისკები. სწორედ ამიტომ, VASP-ებისთვის მთავარი ამოცანა არა მხოლოდ ახალი მოთხოვნების ცოდნა, არამედ მათი ბიზნეს-ოპერაციებში სწორად ინტეგრირება და საქმიანობის მოქმედ რეგულაციებთან მუდმივი შესაბამისობის უზრუნველყოფაა. ამ პროცესში კი კვალიფიციური სამართლებრივი მხარდაჭერა კომპანიებს საშუალებას აძლევს, დროულად შეაფასონ რისკები და თავიდან აიცილონ რეგულაციების დარღვევით გამოწვეული სამართლებრივი თუ ფინანსური რისკები.