მსჯავრდებულის მიერ დაზარალებულის კომპენსაციის წესში განხორციელებული ცვლილებები
2025 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის ნაწილიც ძალაში შევიდა 5 სექტემბერს. შედეგად, ცვლილებები შევიდა როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, ისე - სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსსა და სხვა საკანონმდებლო აქტებში. იურიდიული ფირმა ბი ვი ქონსალთინგის მმართველი პარტნიორი ვახტანგ შურღაია საუბრობს იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც დარეგულირდა ახალი მოწესრიგებით.
ზემოხსენებული საკანონმდებლო ცვლილებების საყურადღებო შედეგს წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატებული XVII1 თავი, რომელიც შეეხება დაზარალებულის კომპენსაციას. შედეგად, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება (თანმიმდევრობით) ეკისრებათ როგორც მსჯავრდებულს მის საკუთრებაში არსებული ქონებიდან, ისე - მსჯავრდებულის ახლო ნათესავს ან სხვა პირს, რომელმაც მსჯავრდებულისაგან მიიღო ამავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შედეგად ქონება უსასყიდლოდ/საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად ან სასყიდლით, როდესაც იგი დამნაშავედაა ცნობილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის.
მნიშვნელოვანია ის უზრუნველყოფის ღონისძიებები, რომლებიც ცვლილებების შედეგად შეიძლება იქნას გამოყენებული დაზარალებულის კომპენსაციის გადახდისათვის.სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, ეს შეიძლება იყოს როგორც ყადაღა, ისე - მსჯავრდებულისათვის საქართველოდან გასვლის აკრძალვა 16 წლის ვადით. თუმცა, კანონმდებელმა გასვლის აკრძალვის გამოყენებისათვის დაადგინა ერთდროულად 3 აუცილებელი წინაპირობა:
ა) დაზარალებული არ უნდა აცხადებდეს უარს მსჯავრდებულისათვის საქართველოდან გასვლის აკრძალვაზე;
ბ) მსჯავრდებული დამნაშავედ უნდა იყოს ცნობილი დიდი ოდენობით თაღლითობისთვის, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვისათვის, დიდი ოდენობით მითვისების/გაფლანგვისათვის ან საპროცესო კოდექსის 1657 მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული სხვა დანაშაულისათვის;
გ) მსჯავრდებული უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე ან სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი (მაგ. დროებითი ბინადრობის ნებართვის მქონე).
გასათვალისწინებელია, რომ დაზარალებულს სისხლის სამართლის კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული ღონისძიების გამოყენების მიუხედავად არ ეზღუდება ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება სამოქალაქო-სამართლებრივი წესით.
დამატებით, 2025 წლის 19 სექტემბრიდან ძალაში შევიდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატებული ახალი დანაშაული, რაც გულისხმობს მსჯავრდებულთან უკანონო გარიგების დადებას. კერძოდ, ისჯება როგორც მსჯავრდებულის მიერ, რომელსაც არ აუნაზღაურებია დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანი, 1 თვის განმავლობაში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ორმაგ ოდენობაზე (დღეის მდგომარეობით 460 ლარი) მეტი სარგებლის მიღება, ასევე -მისთვის ამგვარი სარგებლის გადაცემა. ეს წესი არ შეეხება მსჯავრდებულის მიერ საბანკო ანგარიშზე ელექტრონული ფორმით მიღებულ თანხას, მის სახელზე რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებას, სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებებს ან მის საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ქონებას.
ახალი საკანონმდებლო ცვლილებები აშკარად წარმოაჩენს სახელმწიფოს მკაცრ მიდგომას დაზარალებულთა ინტერესების დაცვის კუთხით. განსაკუთრებით საყურადღებოა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება პირისათვის იმ შემთხვევაშიც კი, როცა მსჯავრდებულმა მისგან მიიღო გარკვეული სარგებელი, მაგალითად, საჩუქრად გადასცეს „საშუალო მომხმარებლის“ საარსებო მინიმუმზე (დღეის მდგომარეობით 230 ლარი) მეტი ღირებულების ნივთი, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ქმედება შეიძლება არ იყოს პირდაპირ კანონსაწინააღმდეგო ხასიათის ან ზიანის ანაზღაურების თავიდან აცილების მიზანით განხორციელებული.
დღის ტოპ 10 სიახლე
მარტში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 9.8%-ით გაიზარდა და $320.6 მლნ შეადგინა - სებ
სხვა სიახლეები
ფაქტორინგი ახალი ფინანსური ინსტრუმენტი ბიზნესისთვის
15.04.2026.11:54
2026 წლის 1 აპრილს გამოქვეყნდა საქართველოს კანონი „ფაქტორინგის შესახებ“, რომელიც არეგულირებს ფაქტორინგის ინსტიტუტს. ფაქტორინგი წარმოადგენს ფინანსურ ინსტრუმენტს, რომელიც განსაკუთრებით მიმზიდველია ბიზნესისთვის ლიკვიდობის მართვისა და ფულადი ნაკადების ოპტიმიზაციის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტორინგული კომპანია, როგორც სპეციალიზებული სუბიექტი, შეიძლება იქცეს მოქნილ ალტერნატივად კომერციული ბანკების, მიკრობანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიმართ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ბიზნესს სჭირდება სწრაფი დაფინანსება დებიტორული დავალიანებიდან გამომდინარე და ნაკლები ბიუროკრატიული ბარიერები. მაგალითად, ფაქტორინგის გამოყენებას შეუძლია აღმოფხვრას კონსიგნაციასთან დაკავშირებული ფინანსური ბარიერები, რის შედეგადაც თანხის მიღება აღარ იქნება დაკავშირებული ხანგრძლივ დროის მონაკვეთთან.
ფაქტორინგზე დეტალურად გვესაუბრება ბი ვი ქონსალთინგის მმართველი პარტნიორი ვახტანგ შურღაია.
კანონის თანახმად, ფაქტორინგი არის გარიგება, რომელიც გულისხმობს ძირითადი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დებიტორული დავალიანების გადაცემას და რეგისტრირებულია ფაქტორინგის რეესტრში, რის შედეგადაც დებიტორული დავალიანებიდან გამომდინარე მოთხოვნაზე საკუთრების უფლება შესაბამის ფაქტორს გადაეცემა.
რაც შეეხება ხელშეკრულების მხარეებს, მოთხოვნის დამთმობი მხარე შეიძლება იყოს ნებისმიერი იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე, აგრეთვე სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც გადასცემს ძირითადი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დებიტორულ დავალიანებას ფაქტორს ფაქტორინგის ხელშეკრულების შესაბამისად. მეორე მხრივ, ფაქტორი შეიძლება იყოს კომერციული ბანკი, მიკრობანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ან ფაქტორინგული კომპანია.
კანონი ფაქტორინგზე ზედამხედველ ორგანოდ განსაზღვრავს საქართველოს ეროვნულ ბანკს და ფაქტორებს უწესებს რიგ მოთხოვნებს. მაგალითად, სავალდებულოა, ფაქტორი საქმიანობდეს მხოლოდ შპს-ს ან სს-ს სამართლებრივი ფორმით, ჰქონდეს განაღდებული კაპიტალი მინიმუმ 300 000 ლარის ოდენობით და მისი მართვის ორგანიზაციული სტრუქტურა მოიცავდეს სამეთვალყურეო საბჭოს.
ფაქტორი უფლებამოსილია, განახორციელოს მხოლოდ ფაქტორინგი და მასთან დაკავშირებული მომსახურება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი წარმოადგენს კომერციულ ბანკს, მიკრობანკს ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციას. ამავდროულად, არავის აქვს უფლება, განახორციელოს ფაქტორინგული საქმიანობა ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის გარეშე. აღსანიშნავია, რომ ფაქტორინგულ კომპანიად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოიშვება იმ შემთხვევაში, თუ კომპანიას მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულების შედეგად, ერთდროულად აქვს მოთხოვნის უფლება სულ მცირე 5 (ხუთ) დებიტორულ დავალიანებაზე.
ხაზგასასმელია, რომ კანონი ითვალისწინებს ფაქტორინგის რამდენიმე სახეს. მათ შორის:
• ფაქტორინგი რეგრესის უფლებით - ამ დროს ფაქტორს აქვს რეგრესის უფლება მოთხოვნის დამთმობი მხარის მიმართ, თუ მოვალემ არ დაფარა შესაბამისი კრედიტორული დავალიანება;
• რევერსიული ფაქტორინგი - ფაქტორი იღებს ვალდებულებას, დაფაროს მოვალის დებიტორული დავალიანება მისი კრედიტორის მიმართ, რაც, თავის მხრივ, საჭიროებს კრედიტორის წინასწარ წერილობით თანხმობას.
კანონი განსაზღვრავს აგრეთვე იმ სანქციების სახეებს, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ფაქტორებისა და ფაქტორინგული პლატფორმის, ისე - მათი ადმინისტრატორების მიმართ, მათ შორისაა: წერილობითი გაფრთხილება, ჯარიმა, რეგისტრაციის გაუქმება და ა.შ.