მომხმარებლის ინფორმირების ვალდებულება - რა უნდა გაითვალისწინოს ბიზნესმა სამომხმარებლო ურთიერთობებში?
2026 წლის 23 იანვარს გამოქვეყნდა საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს N04/64 გადაწყვეტილება, რომლითაც დადასტურდა კომპანიის მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის რიგი მოთხოვნების დარღვევა. აღნიშნულ გადაწყვეტილებასა და მომხმარებლებთან ურთიერთობისას ბიზნესის ვალდებულებებზე საუბრობს იურიდიული ფირმა ბი ვი ქონსალთინგის მმართველი პარტნიორი, ვახტანგ შურღაია.
სააგენტოს გადაწყვეტილების თანახმად, მოვაჭრეს დარღვევა დაუდგინდა როგორც ინფორმირების ვალდებულების, ისე - მიწოდებული პროდუქტის ნაკლის გამოსწორების ვალდებულებების მიმართულებით. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული სავალდებულოდ მისაწოდებელი ინფორმაცია განთავსებული არ იყო მოვაჭრის სავაჭრო ობიექტზე. კერძოდ, კანონი ავალდებულებს მოვაჭრეს, განათავსოს ინფორმაცია:
• საქონლის ან მომსახურების დასახელების, მწარმოებლისა და საქონლის ან მომსახურების შესაბამისი არსებითი მახასიათებლების შესახებ, ინფორმაციის მატარებლის სპეციფიკის გათვალისწინებით;
• მოვაჭრის ვინაობის (სახელწოდების) და მისამართის (იურიდიული მისამართის) შესახებ; არსებობის შემთხვევაში - მოვაჭრის ელექტრონული ფოსტის მისამართის, ფაქსისა და ტელეფონის ნომრების თაობაზე, რომელთა მეშვეობითაც მომხმარებელს შეეძლება მოვაჭრესთან კომუნიკაცია;
• კანონისმიერი გარანტიის შესახებ, აგრეთვე, მომხმარებლისთვის შემდგომი მომსახურების გაწევის პირობების შესახებ.
დამატებით, დარღვევად შეფასდა ისეთი ქმედებები, როგორიცაა: წუნდების აქტის წარდგენის საფუძველზე ნივთის შეცვლაზე უარის თქმა, თანხმობის მიუხედავად მომხმარებლისათვის თანხის ანაზღაურების არ-არსებობა და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ სააგენტოს განმარტებით მომხმარებელი პრეტენზიის წარდგენისას ავტომატურად არ თავისუფლდება მტკიცების ტვირთისაგან. საქონლის გადაცემიდან 6 თვის ვადაში ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში მომხმარებელი თავისუფლდება მტკიცების ტვირთისგან, რადგან ივარაუდება, რომ ნაკლი საქონლის მიწოდებისას არსებობდა. თუმცა, იმისთვის, რომ მომხმარებელმა აღნიშნული უპირატესობით ისარგებლოს, მას ევალება ცალკეული ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარადგინოს.
ამდენად, იმისათვის, რათა ბიზნესმა შეძლოს მომხმარებლის უფლებების ეფექტური დაცვა და სამეწარმეო საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელება, აუცილებელია, დაცული იქნეს ინფორმირების ვალდებულება და მეორეული ვალდებულებები, როგორიცაა: ნაკლიანი საქონლის შეკეთება, შეცვლა ხელშეკრულების შესაბამისი საქონლით.
სხვა სიახლეები
სახელმწიფო ქონების პრივატიზების წესი
16.03.2026.14:38
2026 წლის 12 იანვრიდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გაცვლისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წინაპირობების დამტკიცების შესახებ. სახელმწიფოს კუთვნილი უძრავი ქონების პრივატიზების წესებზე საუბრობს იურიდიული ფირმა ბი ვი ქონსალთინგის მმართველი პარტნიორი, ვახტანგ შურღაია.
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, არსებობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების რამდენიმე გზა:
• აუქციონი;
• პირდაპირი მიყიდვა;
• უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.
კანონის თანახმად, უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება შეიძლება განხორციელდეს საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მთავრობის ახალი დადგენილების თანახმად კი განისაზღვრა პირდაპირი მიყიდვის წინაპირობები (მათ შორის და არა მხოლოდ):
• საპრივატიზებო უძრავ ნივთზე არანაკლებ 100 000 000 ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელების პირობა;
• უძრავი ქონების დაინტერესებული პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მომიჯნავედ არსებობა, როდესაც მას საკუთარ უძრავ ნივთზე განხორციელებული აქვს არანაკლებ 100 000 000 ლარის ინვესტიცია/დანახარჯი;
• სახელმწიფო უწყების/მუნიციპალიტეტის დასაბუთებული შუამდგომლობა სახელმწიფოებრივი/საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განხორციელებისა თუ დადგენილებით გათვალისწინებული სხვა მიზნით;
• საქართველოს მთავრობის დადგენილებებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამები.
სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, ქონების მმართველის მიერ. ხელშეკრულება მხარეებს შორის იდება საქართველოს მთავრობის მიერ სათანადო აქტის მიღებიდან 3 თვის ვადაში, დამატებითი პროცედურების გარეშე, ხოლო ვადის გასვლის შემთხვევაში აქტი კარგავს ძალას.
მეორე მხრივ, აუქციონის გზით პრივატიზება ხორციელდება საჯარო ან ელექტრონული აუქციონის ფორმით. პრივატიზების შესახებ ინფორმაცია განთავსდება ელექტრონული აუქციონის სისტემის ვებგვერდზე (www.eauction.ge) ან ქონების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.privatization.ge). აუქციონში მონაწილეობის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს წარდგენა, რომლის ოდენობას უფლებამოსილი ორგანო ინდივიდუალურად განსაზღვრავს.
უძრავი ნივთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას შესაბამისი ხელშეკრულება იდება აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში. მყიდველი ვალდებულია, პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში უზრუნველყოს საპრივატიზებო საფასურის გადახდა და წარუდგინოს მას საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან 30 კალენდარულ დღეში სახელმწიფო ქონების განმკარგავი სუბიექტი გასცემს ვალდებულების შესრულების დადასტურებას, რაც საჯარო რეესტრში შესაბამისი ვალდებულების გაუქმების/ცვლილების რეგისტრაციის საფუძველია.
გასათვალისწინებელია, რომ პრაქტიკაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება აუქციონის წესებისა და პირობების ზუსტ დაცვას. სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით განკარგვისას დადგენილი მოთხოვნების დარღვევა იწვევს პირგასამტეხლოს დაკისრებას, რომლის ოდენობა და წესი განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით.