მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.2
0.012
flag
AZN 1.532
-0.0002
flag
CNY 38.827
-0.0005
flag
EUR 2.9257
-0.015
flag
GBP 3.4392
-0.0033
flag
KZT 57.93
-0.0082
flag
TRY 0.053
-0.0001
flag
USD 2.6039
-0.0003
news banner

მომხმარებელთა უფლებების დაცვა ფინანსურ სექტორში

news image
mbc image

საქართველოს ფინანსურ სექტორში მოქმედი რეგულაციები, რომლებიც მომხმარებელთა უფლებების დაცვას, დაკრედიტების წესებსა და ეთიკას არეგულირებს, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფინანსური ორგანიზაციებისა და ბიზნესის საქმიანობაში. თუმცა, კვლავ აქტუალურია კითხვა – როგორ აისახება ეს რეგულაციები კომპანიების საქმიანობაზე და რა უფლებებით სარგებლობენ ისინი დაკრედიტების პროცესში? აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ბი ვი ქონსალთინგის მმართველი პარტნიორი ვახტანგ შურღაია გვიზიარებს პრაქტიკულ გამოცდილებას და რჩევებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება "ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე" ბიზნესს, როგორც საფინანსო პროდუქტის მიმღებ პირსა და მომხმარებელს, ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობისას ანიჭებს რიგ უფლებებს:

            1. ინფორმაციის მიღების უფლება -  ბრძანების თანახმად, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია,მომხმარებელს დროულად მიაწოდოს სრული, გასაგები და უტყუარი ინფორმაცია საფინანსო პროდუქტის შესახებ (მაგ. კრედიტის ოდენობა, საპროცენტო განაკვეთი, ვადა და ა.შ.). ბრძანება ასევე ადგენს სპეციფიკურ შემთხვევებს, როდესაც  ფინანსურ ორგანიზაციას დამატებით ევალება „ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების“ ცალკე გამოყოფა და ამავე წესებით დადგენილი დიზაინით/ფორმით განთავსება ხელშეკრულებაში. ამასთან, განსხვავებულად რეგულირდება ინფორმაციის მიწოდების სტანდარდი როგორც ხელშეკრულების დისტანციურად დადებისას, ისე - საფინანსო პროდუქტთან დაკავშირებული დაზღვევისა თუ საფინანსო პროდუქტების კომბინირებულად შეთავაზებისას.

            2. სპეციფიკური საფინანსო პროდუქტის ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება - აღნიშნული პროდუქტი მოიაზრებს კრედიტს, რომლის მთლიანი თანხა/პირველადი შენატანი ნაკლებია 1 000 000 ლარზე. სპეციფიკური საფინანსო პროდუქტის მიღებისას  მომხმარებელი უფლებამოსილია, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე უარი თქვას ხელშეკრულებაზე მისი გაფორმებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში. უარის თქმის უფლების გამოყენებისას მომხმარებელმა ფინანსურ ორგანიზაციას უნდა შეატყობინოს მატერიალურად ან სხვა სანდო საშუალებით, ამავე ბრძანებით დადგენილი ვადაში, ასევე, გადაიხადოს კრედიტის ნარჩენი ძირითადი თანხა და ამ თანხაზე კრედიტით სარგებლობის პერიოდის განმავლობაში დარიცხული და გადაუხდელი პროცენტი.

            3. პრეტენზიის/საჩივრის შეტანის უფლება - საფინანსო პროდუქტის მიმღები უფლებამოსილია, გამოხატოს პრეტენზია/უკმაყოფილება და შეიტანოს საჩივარი ფინანსური ორგანიზაციისა თუ მისი ნებისმიერი პროდუქტის მიმართ. ამ უფლების რეალიზაციისას საფინანსო ორგანიზაციას ეკისრება ვალდებულება, მიიღოს და განიხილოს პრეტენზია მიუხედავად მისი გამოხატვის ფორმისა და ვადისა, შეისწავლოს საკითხი და არაგუვიანეს 1 თვის ვადაში აცნობოს მომხმარებელს შესაბამისი შედეგის შესახებ. აღსანიშნავია, რომ მომხმარებელი ასევე უფლებამოსილია, მიმართოს საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებულ დავების განმხილველ კომისიას წარდგენილი საჩივრის დადგენილ ვადაში დაუკმაყოფილებლობის (მათ შორის, პასუხის გაუცემლობის) ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე.

გასათვალისწინებელია ის სიახლეები ბრძანებაში, რომლებიც 2025 წლის 1 მაისიდან შედის ძალაში. ახალი რეგულაცია ერთმანეთისაგან მიჯნავს პირგასამტეხლოს ოდენობას მომხმარებლის მიერ კრედიტის საკუთარი სახსრებით წინსწრებით დაფარვისა და ნაწილობრივი ან სრული რეფინანსირების დროს. შედეგად, ცვლილებამდელი პირგასამტეხლოს ოდენობა იმოქმედებს მომხმარებლის მიერ საკუთარი სახსრებით წინსწრებით სრულად/ნაწილობრივ დაფარვის შემთხვევაში. რაც შეეხება სხვა ფინანსური ორგანიზაციიდან სრული/ნაწილობრივი რეფინანსირების შემთხვევას, ასეთ დროს სანქციის ოდენობა განისაზღვრება თანხის წინსწრებით დაფარვის მომენტისთვის კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 0,5%-ის ოდენობით. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს უკანასკნელი წესი იურიდიულ პირებს ეხება მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი ვალდებულებების ჯამური მოცულობა ამავე ფინანსურ ორგანიზაციაში არ აღემატება 2 000 000 ლარს. წინააღმდეგ შემთხვევაში მასზე გავრცელდება იგივე ოდენობის სანქციები, რაც საკუთარი სახსრებით წინსწრებით დაფარვისას მოქმედებს.

და ბოლოს, ბიზნესისთვის, როგორც საფინანსო პროდუქტის მომხმარებლისთვის, აღნიშნული რეგულაციები მნიშვნელოვან დაცვის მექანიზმებს ქმნის. ისინი უზრუნველყოფს ბიზნესის უფლებას სრულყოფილი და გამჭვირვალე ინფორმაციის მიღებაზე, ხელშეკრულების პირობების სიცხადესა და საჭიროების შემთხვევაში – მასზე უარის თქმაზე. ამასთან, რეგულაციები ფინანსურ ორგანიზაციებს ავალდებულებს მომსახურების მაღალი სტანდარტებით წარმართვას, რაც ქმნის პროგნოზირებად საფინანსო გარემოს. შესაბამისად, კომპანიებმა უნდა გაითვალისწინონ აღნიშნული წესები და ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებისას იხელმძღვანელონ ზემოთ მოყვანილი უფლებებით.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნეს მრჩეველი
image ახალი წესები ვირტუალური აქტივების ბაზარზე - რა უნდა გაითვალისწინონ პროვაიდერებმა

08.09.2026.10:43

ვირტუალური აქტივების ბაზარი საქართველოში ახალი ეტაპისთვის ემზადება - სექტორის რეგულირების მიმართულებით განხორციელებული ცვლილებები ბაზრის მონაწილეებისთვის არაერთ მნიშვნელოვან სიახლესა და ვალდებულებას ითვალისწინებს. რა იცვლება ვირტუალური აქტივის სერვისის პროვაიდერებისთვის, რას უნდა მიაქციონ ყურადღება კომპანიებმა და რა გავლენას მოახდენს ახალი რეგულაციები მათ საქმიანობაზე - აღნიშნულ საკითხებზე საუბრობს იურიდიული ფირმა „ბი ვი ქონსალთინგის“ მმართველი პარტნიორი - ვახტანგ შურღაია.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე რეგულირებული საქმიანობის ფარგლების დაზუსტებას უკავშირდება. ახალი რეგულაცია უფრო მკაფიოდ განსაზღვრავს, რა შეიძლება ჩაითვალოს ვირტუალური აქტივის მომსახურებად. რეგულირების ქვეშ ექცევა არა მხოლოდ ვირტუალური აქტივის გაცვლა, არამედ: მისი გადაცემა, შენახვა და ადმინისტრირება, პორტფელის მართვა, სავაჭრო პლატფორმის ადმინისტრირება, სესხად გაცემა და პირველადი შეთავაზება ან მასთან დაკავშირებული მომსახურება.

ამასთან, ცვლილებების შედეგად პროვაიდერის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებაში კონკრეტულად მიეთითება მის მიერ განხორციელებული ვირტუალური აქტივის მომსახურების სახე. ეს მიდგომა ბაზარზე საქმიანობის უფრო გამჭვირვალე და მკაფიო ჩარჩოს შექმნას ემსახურება.

სიახლეები შეეხება ფინანსურ სანქციებსაც. ახალი წესების მიხედვით, პროვაიდერის მიერ ნებადართული საქმიანობის ფარგლების მიღმა მოქმედება 50 000 ლარის ჯარიმას გამოიწვევს, შესაბამისი ელექტრონული სისტემის არქონა ან ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული მომსახურების სქემის დარღვევა კი - 20 000 ლარს. განსაკუთრებით მკაცრია მიდგომა სტაბილურ ვირტუალურ აქტივებთან მიმართებით. საქართველოში ასეთი აქტივის პირველადი შეთავაზება ეროვნული ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე ასევე 50 000 ლარით დაჯარიმდება. შესაბამისად, იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ამ მიმართულებით საქმიანობის გაფართოებას გეგმავენ, მარეგულირებელთან წინასწარი კომუნიკაცია და საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულება კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს.

ცვლილებებით აგრეთვე გაფართოვდა მოთხოვნები VASP-ების რეგისტრაციასთან დაკავშირებით. რეგისტრაციის მსურველმა ეროვნულ ბანკს, სხვა დოკუმენტაციასთან ერთად, უნდა წარუდგინოს მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის შევსების დამადასტურებელი საბანკო ამონაწერი. აღნიშნული მოთხოვნები პირდაპირ აისახება პროვაიდერების ფინანსურ მოდელზეც - მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის ოდენობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ტიპის მომსახურებას ახორციელებს პროვაიდერი. მაგალითისათვის, კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ურთიერთგადაცვლის ან გადაცემის მომსახურების განხორციელებისას მინიმალური საზედამხედველო კაპიტალი 150 000 ლარით განისაზღვრა, ხოლო სავაჭრო პლატფორმის ადმინისტრირების შემთხვევაში - 350 000 ლარით.

ცვლილებების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მიმართულება რისკების მართვის ჩარჩოს სავალდებულო არსებობაა. პროვაიდერს უნდა ჰქონდეს შესაბამისი პოლიტიკა და პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული რისკების გამოვლენას, შეფასებას, მონიტორინგს, ანგარიშგებას, კონტროლსა და შემცირებას.

საბოლოოდ, ახალი რეგულაციები ვირტუალური აქტივების ბაზრისთვის მხოლოდ დამატებითი ბარიერების დაწესებას არ ნიშნავს. მათი მთავარი შედეგი ბაზარზე უფრო მკაფიო თამაშის წესების ჩამოყალიბება და პროფესიული სტანდარტების დახვეწაა. თუმცა, ამავე დროს, კომპანიებისთვის იზრდება როგორც შესაბამისობის უზრუნველყოფის ხარჯი, ისე - რეგულაციების დარღვევასთან დაკავშირებული ფინანსური რისკები. სწორედ ამიტომ, VASP-ებისთვის მთავარი ამოცანა არა მხოლოდ ახალი მოთხოვნების ცოდნა, არამედ მათი ბიზნეს-ოპერაციებში სწორად ინტეგრირება და საქმიანობის მოქმედ რეგულაციებთან მუდმივი შესაბამისობის უზრუნველყოფაა. ამ პროცესში კი კვალიფიციური სამართლებრივი მხარდაჭერა კომპანიებს საშუალებას აძლევს, დროულად შეაფასონ რისკები და თავიდან აიცილონ რეგულაციების დარღვევით გამოწვეული სამართლებრივი თუ ფინანსური რისკები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა