დირექტორის პასუხისმგებლობა ბიზნესში – როდის და რისთვის აგებს პასუხს კომპანიის ხელმძღვანელი
ბოლო წლებში კომპანიების დირექტორთა წინააღმდეგ სამართლებრივი დავები სულ უფრო ხშირდება. ეს ტენდენცია აჩვენებს საჭიროებას, უკეთ გავიგოთ, თუ როდის და რატომ ხდება დირექტორი პასუხისმგებელი საკუთარი გადაწყვეტილებებისათვის და როგორ შეუძლია მას დაიცვას თავი არასასურველი შედეგებისაგან. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ბი ვი ქონსალთინგის მმართველი პარტნიორი ვახტანგ შურღაია გვიზიარებს პრაქტიკულ გამოცდილებას და რჩევებს.
რა მოვალეობები გააჩნია კომპანიის დირექტორს?
დირექტორის მთავარი ამოცანაა, იმოქმედოს ისე, როგორც ამას „გონივრული ხელმძღვანელი“ გააკეთებდა – მართოს ბიზნესი კეთილსინდისიერად, კომპანიის საუკეთესო ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით და მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილებები.
სამართლებრივად, დირექტორს ევალება კომპანიაზე ზრუნვა ისე, როგორც მის ადგილზე მყოფი საღად მოაზროვნე ადამიანი მოიქცეოდა იმ რწმენით, რომ მისი მოქმედება კომპანიისთვის ყველაზე ხელსაყრელია. მოქმედებდა თუ არა დირექტორი სათანადო გულისხმიერებით ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებისას, ყოველ კონკრეტულ სადავო შემთხვევაში დგინდება სასამართლოს მიერ. ხელმძღვანელი პირი სამეწარმეო საზოგადოების წინაშე პასუხს აგებს სწორედ ამ მოვალეობის ბრალეული შეუსრულებლობით მიყენებული ზიანისთვის.
როდის დგება დირექტორის პასუხისმგებლობა?
დირექტორს პირადი პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მაშინ, როდესაც:
მაგალითისათვის, ერთ-ერთ საქმეში დირექტორს დაეკისრა პასუხისმგებლობა მეორე კომპანიის მიმართ თანხის გადახდის მოთხოვნით აღძრულ სარჩელზე უარის თქმის გამო, ვინაიდან ამგვარი ქმედებით კომპანიამ დაკარგა კომერციული შესაძლებლობა, სასამართლო გადაწყვეტილებით მიეღწია სასურველი შედეგისათვის (იხ. სუსგ №ას-687-658-2016, 06 ნოემბერი, 2018 წელი).
რა შემთხვევაში გამოირიცხება დირექტორის პასუხისმგებლობა?
დირექტორის პასუხისმგებლობის განხილვას მხოლოდ მაშინ აქვს სამართლებრვი საფუძვლები, როდესაც იგი ვალდებული იყო, განეხორციელებინა რაიმე სახის ქმედება და ის ან არ განახორციელა, ან განახორციელა არასწორად. უზენაესი სასამართლოს განმარტების თანახმად, ფიდუციური ვალდებულებები არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს დირექტორს პასუხისმგებლობა აკისრია აპრიორი ყველა იმ ქმედებაზე, რომელსაც მისი ზედამხედველობის ქვეშ მყოფი თანამშრომელი განახორციელებს. სწორედ ამიტომ, ერთ-ერთ საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით არ დადგინდა დირექტორის პასუხისმგებლობა კომპანიის ბუღალტრის უკანონო ქმედებისათვის (ყალბი ანგარიშ-ფაქტურების შედგენა), რამაც კომპანიას მატერიალური ზიანი მიაყენა და რის შესახებაც დირექტორი ინფორმირებული არ ყოფილა (იხ. სუსგ №ას-710-2023, 19 ივნისი, 2024 წელი).
რა თქმა უნდა, ბიზნესი რისკების გარეშე არ არსებობს. სწორედ ამიტომ, როდესაც დირექტორი იღებს ინფორმირებულ გადაწყვეტილებას პირადი დაინტერესების გარეშე, მას არ ეკისრება პასუხისმგებლობა დამდგარი შედეგისათვის (სამეწარმეო განსჯის წესი). აღნიშნული პრინციპი დირექტორებს აძლევს თავისუფლებას, მიიღონ რისკიანი ბიზნეს-გადაწყვეტილებები და არ შეიბოჭონ შესაძლო პასუხისმგებლობით.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ზემოთ მოყვანილ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ დირექტორს არ ეკისრება პასუხისმგებლობა მხოლოდ იმიტომ, რომ მან უარი თქვა სარჩელზე კომპანიის ყოფილი დირექტორის წინააღმდეგ. განსხვავებით მოვალის მიმართ აღძრული სარჩელისაგან, თუ სარჩელი ყოფილი დირექტორის მიმართ შეეხებოდა მის მიერ მიღებულ „უმართებულო“ ბიზნეს გადაწყვეტილებას, მასზე უარის თქმის ფაქტი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დავასკვნათ მოქმედი დირექტორის პირადი დაინტერესება ან საზოგადოების ინტერესებისთვის საზიანო ქმედება. ამდენად, სასამართლომ დაადგინა, რომ ასეთ სიტუაციებზე ვრცელდება სამეწარმეო განსჯის წესი და დირექტორი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან (იხ. სუსგ №ას-687-658-2016, 06 ნოემბერი, 2018 წელი).
დირექტორის პასუხისმგებლობა არა მხოლოდ ფორმალური ვალდებულებაა, არამედ კომპანიის წარმატებისა და სტაბილურობის გარანტი. სათანადო გულისხმიერებითა და კეთილსინდისიერებით მიღებული გადაწყვეტილებები იცავს დირექტორს პირადი პასუხისმგებლობისაგან და ხელს უწყობს ჯანსაღი მენეჯმენტის ჩამოყალიბებასა და კომპანიის სტაბილურ განვითარებას.
სხვა სიახლეები
28.05.2025.00:44
ბიზნესის გაფართოვება ან ახალი საქმიანობის დაწყება ხშირად დამატებითი ფინანსური რესურსების მოძიებას მოითხოვს. ბიზნეს-სესხი, როგორც მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტრუმენტი, მეწარმეებს ეხმარება საჭირო ინვესტიციების განხორციელებაში. თუმცა, საფინანსო პროდუქტის წარმატებით მისაღებად აუცილებელია კონკრეტული მოთხოვნების დაკმაყოფილება და შესაბამისი დოკუმენტების სწორად მომზადება. „ბიზნეს მრჩეველის“ რუბრიკაში ბი ვი ქონსალთინგის მმართველი პარტნიორი ვახტანგ შურღაია გვიზიარებს რჩევებს ამ საკითხებთან დაკავშირებით.
საბანკო დაწესებულებები ვალდებულნი არიან, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპით იხელმძღვანელონ, რაც ნიშნავს, რომ ისინი დეტალურად აფასებენ მსესხებლის ფინანსურ მდგომარეობას. ეს პროცესი მოიცავს შემოსავლების, ხარჯებისა და არსებული ვალდებულებების სრულ ანალიზს. ამისთვის, როგორც ფიზიკურმა პირებმა, ისე - მეწარმე იურიდიულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
გარდა ამისა, მეწარმე ფიზიკურმა პირებმა შესაძლოა წარმოადგინონ დამატებითი დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს მათ საქმიანობას და შესაბამის შემოსავალს, მათ შორის:
საბანკო დაწესებულება დეტალურად აფასებს ზემოხსენებულ ინფორმაციას და იღებს გადაწყვეტილებას მხოლოდ მსესხებლის გადახდისუნარიანობის სრული ანალიზის საფუძველზე, კერძოდ - პირის შემოსავლების, ხარჯებისა და ჯამური ვალდებულებების დეტალური ანალიზის, მიღებული ინფორმაციის სისწორის გადამოწმებისა და მსესხებლის/თანამსესხებლის საკრედიტო ისტორიის შემოწმების შედეგად.
ბიზნეს-სესხის გაცემისას საბანკო დაწესებულება იურიდიულ პირს უხსნის საკრედიტო ხაზს (გენერალური ხელშეკრულება), რითაც კლიენტს უდასტურებს თანამშრომლობის სურვილს, ადგენს კლიენტის საკრედიტო ლიმიტის თანხასა და მაქსიმალურ განაკვეთებს (წლიური პროცენტის, პირგასამტეხლოს და სხვ. გადასახადების სახით). შესაბამისი გირავნობის, იპოთეკის, თავდებობის და სხვა უზრუნველყოფის ხელშეკრულებები, როგორც წესი, საკრედიტო ხაზის გახსნის პარალელურად ფორმდება. ამდენად, საბანკო დაწესებულება წინასწარ უზრუნველყოფს მომავალ კრედიტებს, ხოლო კლიენტს საჭიროების შემთხვევაში სწრაფად და მარტივად შეუძლია სასურველი თანხის მიღება შესაბამისი საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე.
ბიზნეს-სესხის წარმატებით მისაღებად მნიშვნელოვანია ყველა ზემოხსენებული დოკუმენტის სრულყოფილად წარდგენა, რაც გაამარტივებს ფინანსური რესურსების მოპოვების პროცესს.