ბრენდის სამართლებრივი დაცვა: რა უნდა ვიცოდეთ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისას
თანამედროვე ბიზნეს გარემოში სასაქონლო ნიშანი ერთ-ერთი ყველაზე ღირებული არამატერიალური აქტივია. იგი არა მხოლოდ მარკეტინგული ინსტრუმენტია, არამედ - სამართლებრივი დაცვის ობიექტიც. მიუხედავად ამისა, პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც ბიზნეს-სუბიექტები არ არეგიტსრირებენ სასაქონლო ნიშანს შესაბამის ორგანოში, რაც რიგ სამართლებრივ პრობლემებს იწვევს. ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება იურიდიული ფირმა ბი ვი ქონსალთინგის იურისტი - მარიამ ბაღდავაძე.
რა არის სასაქონლო ნიშანი?
„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სასაქონლო ნიშანი არის ნებისმიერი სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც შეტანილია სასაქონლო ნიშნების რეესტრში, ჩამოყალიბებულია ნათლად და მკაფიოდ და აქვს უნარი, ერთი საწარმოს საქონელი/მომსახურება მეორე საწარმოს საქონლისგან/მომსახურებისგან განასხვაოს.
სასაქონლო ნიშანი შეიძლება იყოს:
• სიმბოლო, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და აქვს უნარი განასხვავოს ერთი საწარმოს მიერ წარმოებული საქონელი ან/და გაწეული მომსახურება, მეორე საწარმოს მიერ წარმოებული საქონლისა ან/და გაწეული მომსახურებისგან;
• სიმბოლო შეიძლება იყოს სიტყვა, სიტყვები, ადამიანის სახელი, ასოები, ციფრები, ბგერები, გამო სა ხულება, სამგანზომილებიანი ფიგურა, ასევე, საქონლის ფორმა, შეფუთვა ან სხვა გარეგნული გაფორმება ფერის ან ფერთა კომბინაციის გამოყენებით.
რა მნიშვნელობა აქვს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას?
კანონის თანახმად, სასაქონლო ნიშნის დაცვის ხერხია მისი საქპატენტში რეგისტრაცია ან დაცვა საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას აქვს კრიტიკული მნიშვნელობა, რადგან ის არ არის მხოლოდ ფორმალური პროცედურა. რეგისტრაცია უზრუნველყოფს სასაქონლო ნიშნის სამართლებრივ დაცვასა და კომერციულ უსაფრთხოებას.
პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც ბიზნეს-სუბიექტები სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გარეშე იყენებენ მას საქმიანობის განსახორციელებლად. შედეგად, წარმოიშვება რისკი, რომ იგივე/მსგავსი სასაქონლო ნიშანი გამოყენებულ იქნეს და დარეგისტრირდეს საქპატენტში სხვა კომპანიის მიერ. შედეგად, ბიზნეს-სუბიექტს არ ექნება უფლება, გამოიყენოს სხვა კომპანიის სახელზე რეგისტრირებული ან მის აღრევამდე მსგავსი ნიშანი.
მსგავს შემთხვევაში სამართლებრივი დაცვის მექანიზმი შესაძლოა იყოს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობა სასამართლოს მიერ იმ მოტივით, რომ რეგისტრაცია არაკეთილსინდისიერი განზრახვით განხორციელდა. თუმცა, ასეთ შემთხვევაში არაკეთილსინდისიერი ქმედების მტკიცება საკმაოდ რთულია. ამდენად, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია სწორი ნაბიჯია სამომავლო დავების პრევენციისათვის.
როგორ დავარეგისტრიროთ სასაქონლო ნიშანი?
სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მიზნით განმცხადებელი მიმართავს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს - „საქპატენტს“. განაცხადის წარდგენა შესაძლებელია როგორც მატერიალურად, ისე - ელექტრონული ფორმით. სასაქონლო ნიშნის განაცხადზე საქპატენტი ატარებს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზას განაცხადის შეტანიდან 1 თვის ვადაში და არსობრივ ექსპერტიზას ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დამთავრებიდან 6 თვის ვადაში.
ექსპერტიზის დასრულების შემდგომ სასაქონლო ნიშანი ექვემდებარება რეგისტრაციასა და ბიულეტენში გამოქვეყნებას. სასაქონლო ნიშნის რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ გაიცემა მოწმობა სასაქონლო ნიშანზე, რომელიც ადასტურებს მის რეგისტრაციას და მფლობელის განსაკუთრებულ უფლებას აღნიშნულ სასაქონლო ნიშანზე. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების ვადა განისაზღვრება 10 წლით. აღნიშნული პროცედურების სირთულისა და სამართლებრივი რისკების გათვალისწინებით, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის პროცესში მიზანშეწონილია კვალიფიციური იურიდიული დახმარების გამოყენება.
სხვა სიახლეები
სახელმწიფო ქონების პრივატიზების წესი
16.03.2026.14:38
2026 წლის 12 იანვრიდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გაცვლისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წინაპირობების დამტკიცების შესახებ. სახელმწიფოს კუთვნილი უძრავი ქონების პრივატიზების წესებზე საუბრობს იურიდიული ფირმა ბი ვი ქონსალთინგის მმართველი პარტნიორი, ვახტანგ შურღაია.
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, არსებობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების რამდენიმე გზა:
• აუქციონი;
• პირდაპირი მიყიდვა;
• უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.
კანონის თანახმად, უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება შეიძლება განხორციელდეს საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მთავრობის ახალი დადგენილების თანახმად კი განისაზღვრა პირდაპირი მიყიდვის წინაპირობები (მათ შორის და არა მხოლოდ):
• საპრივატიზებო უძრავ ნივთზე არანაკლებ 100 000 000 ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელების პირობა;
• უძრავი ქონების დაინტერესებული პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მომიჯნავედ არსებობა, როდესაც მას საკუთარ უძრავ ნივთზე განხორციელებული აქვს არანაკლებ 100 000 000 ლარის ინვესტიცია/დანახარჯი;
• სახელმწიფო უწყების/მუნიციპალიტეტის დასაბუთებული შუამდგომლობა სახელმწიფოებრივი/საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განხორციელებისა თუ დადგენილებით გათვალისწინებული სხვა მიზნით;
• საქართველოს მთავრობის დადგენილებებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამები.
სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, ქონების მმართველის მიერ. ხელშეკრულება მხარეებს შორის იდება საქართველოს მთავრობის მიერ სათანადო აქტის მიღებიდან 3 თვის ვადაში, დამატებითი პროცედურების გარეშე, ხოლო ვადის გასვლის შემთხვევაში აქტი კარგავს ძალას.
მეორე მხრივ, აუქციონის გზით პრივატიზება ხორციელდება საჯარო ან ელექტრონული აუქციონის ფორმით. პრივატიზების შესახებ ინფორმაცია განთავსდება ელექტრონული აუქციონის სისტემის ვებგვერდზე (www.eauction.ge) ან ქონების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.privatization.ge). აუქციონში მონაწილეობის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს წარდგენა, რომლის ოდენობას უფლებამოსილი ორგანო ინდივიდუალურად განსაზღვრავს.
უძრავი ნივთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას შესაბამისი ხელშეკრულება იდება აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში. მყიდველი ვალდებულია, პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში უზრუნველყოს საპრივატიზებო საფასურის გადახდა და წარუდგინოს მას საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან 30 კალენდარულ დღეში სახელმწიფო ქონების განმკარგავი სუბიექტი გასცემს ვალდებულების შესრულების დადასტურებას, რაც საჯარო რეესტრში შესაბამისი ვალდებულების გაუქმების/ცვლილების რეგისტრაციის საფუძველია.
გასათვალისწინებელია, რომ პრაქტიკაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება აუქციონის წესებისა და პირობების ზუსტ დაცვას. სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით განკარგვისას დადგენილი მოთხოვნების დარღვევა იწვევს პირგასამტეხლოს დაკისრებას, რომლის ოდენობა და წესი განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით.